2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, იუნესკოში „ქართული ჭიდაობის“ არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში წარდგენასთან დაკავშირებით უწყებათშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, შეხვედრაზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინეს.
ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებით, 2016 წლის ოქტომბრიდან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიური შეხვედრების რეჟიმში მუშაობდა იუნესკოს ფაილის მომზადებასა და სხვა, წარსადგენად საჭირო სავალდებულო მასალების დამუშავებაზე.
ქართულ ჭიდაობას, 2014 წლის 8 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
2017 წლის, 23 იანვარს, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას განესაზღვრა ეროვნული სტატუსი.
იუნეკოში ნომინაციის ინიციატივის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეგიონალური ფედერაციები, სხვა დაინტერესებული დარგობრივი და საგანმანათლებლო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, დარგის ცალკეული სპეციალისტები.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური