Adjara Group Hospitality - სტეფანწმინდაში აეროდრომის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს
Adjara Group Hospitality ახალ ავიაკომპანია "ავიატორთან" ერთად დაბა სტეფანწმინდასთან ახლოს აეროდრომს ააშენებს. თუმცა როგორც „კომერსანტს" კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა, ამჟამად აეროდრომის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და მისი გახსნა ჯერ არ იგეგმება.
„რაც შეეხება აეროდრომის პროექტს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. საქაერო ნავიგაციამაც უნდა დაადასტუროს ის, რომ ამ ტერიტორიაზე ფრენა და მანევრის შესრულება შესაძლებელია.
საკონსულტაციო ჯგუფი მუშაობს და უნდა დაადასტუროს, შეიძლება თუ არა ფრენების მიღება. ამის შემდგომ დაიწყება ფინანსების მოძიება. ჯერ-ჯერობით მისი გახსნა არ იგეგმება და მხოლოდ პროექტზე ვმუშაობთ, რადგან აქ კლიმატური პირობების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს." - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.
Adjara Group Hospitality-ს აღმასრულებელმა დირექტორმა „ავიატორის" საჰაერო ტაქსებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მესამე თვეა რაც ფრენები დაიწყო და ის ამჟამად მხოლოდ 10-მდე მიმართულებით განხორციელდა.
„ჩვენი საჰაერო ტაქსებით ფრენა უკვე მესამე თვეა რაც დაიწყო და ის მოთხოვნის მიხედვით ხორციელდება. ჯერ-ჯერობით ფრენაზე მხოლოდ კორპორატიული მოთხოვნებია. ამჟამად დაახლოებით 10 ფრენა - სვანეთში, ბათუმში, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში განვახორციელეთ. ჩვენი ტაქსებით საათი ფრენა 1 500 დოლარი ჯდება." - აღნიშნა ჩეხერიამ.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
COMMESANT.GE