ენგურჰესზე ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა წლის ბოლოს დაიწყება - ჰესი შესაძლოა, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანონ
ენგურჰესის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა წლის ბოლოდან დაიწყება. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, კონცეფციის წარმოდგენის შემდეგ დაიწყო ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა, რომლის დასრულებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება და მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გამოცხადდება კონკურსი პროექტის შექმნისთვის. ანთიძის ინფორმაციითვე, წლის ბოლოს უნდა გვქონდეს სრულფასოვანი პროექტი, რაც ყველა სეგმენტს ითვალისწინებს – ტურისტულ ცენტრს, საბაგიროს, ლიფტს სხვა გასართობ ატრაქციებს.
„ტექნიკურ დავალებაზე სააგენტო მუშაობს აქტიურად და შემდეგ გამოცხადდება კონკურსი გამოვლინდება კომპანია, რომელიც იმუშავებს პროექტზე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით. რაც ჩვენ წარმოვადგინეთ, ეს იყო კონცეფცია. ახლახანს დავასრულე ვიზიტი ესტონეთში, ამ ქვეყანას ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დიდი გამოცდილება აქვს და კონცეფციაზე მუშაობაც სწორედ ესტონური კომპანია „კოკო არქიტექტის" მეშვეობით მოხდა, რომლის შერჩევაში საქართველოს საელჩოი ესტონეთში და ესტონეთის კულტურის სამინისტრო დაგვეხმარა. ჩვენი მოთხოვნა სამომავლოდ ასევე იქნება, რომ საბოლოო პროექტში ეს კომპანიაც იყოს ჩართული" აცხადებს ანთიძე
საინვესტიციო ღირებულება ჯერ დათვლილი არ არის და ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, პროექტი იქნება საბოლოო ბიუჯეტის განმსაზღვრელიც, თავად პროექტირებისთვის კი 750 ათასი ევროა განსაზღვრული.
ანთიძის განცხადებითვე, პროექტი გრძელვადიანია და დაახლოებით 5 წელიწადში მივიღეთ მას დასრულებული სახით, რომელიც ყველა სეგმენტს მოიცავს. ირკვევა, რომ ამ ეტაპზე სამთავრობო უწყებებს შორის მიდის მოლაპარაკებები, რომ პროექტის დაფინანსებაში კერძო ინვესტიციებიც ჩაერთოს.
„ მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. ეს არის მომავალზე გათვლილი პროექტი, საერთშორისო ექსპერტების დასკვნით, ეს პროექტი გახდება ქვეყნის ტურისტული მექა. მსგავსი ტურისტული ატრაქციები არაა ბევრ ქვეყანაში, თუმცა იქ, სადაც არის დიდი პოპულარობით სარგებლობს. არცერთ ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძელგზე ამდენი სახეობის ატრაქცია არ არის. პროექტის მაღალი სტანდარტებით განვითარება მოგვცემს შესაძლებლობას, დავიწყოთ მუშაობა ინდუსტრიული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესაყვანად. –„აცხადებს ანთიძე
კონცეფციის მიხედვით ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. განვითარების კონცეფცია, ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის. შემუშავდება ტურისტული მარშრუტები ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე. სტრატეგიული გეგმა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის, არამედ რეგიონის ინფრასტუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა.
ავტორი: სალომე სოსელია
COMMERSANT.GE