2019 წლის 13 თებერვლიდან, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. როგორც „კომერსანტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ჩატარებული ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს – გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროებით აკრძალვის შესახებ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს გადაშენებული ან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა სახეობების აღდგენისა და დაცვისა მიზნით. ამგვარ სახეობათა შორისაა ჯეირანიც (ქურციკი), რომლის აღდგენის ღონისძიებები ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე ხორციელდება.
2013 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, მიმდინარეობს ქურციკის აღდგენის პროექტი.
დღეისათვის, ჯეირნის 70-ზე მეტი ინდივიდი შემოყვანილია აზერბაიჯანიდან და გაშვებულია საქართველოში, ამ ცხოველის ისტორიული გავრცელების არეალში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემოყვანილმა ჯეირნებმა საბინადრო გარემოდ სწორედ სამუხის ველი და არა მოსაზღვრედ მდებარე ვაშლოვანის დაცული ტერიტორია აირჩიეს, რითაც დასტურდება სამუხის ველის განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სახეობის აღდგენისათვის. 2018 წელს, საქართველოში ქურციკების უკვე მესამე თაობა დაიბადა.
commersant.ge