28 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთან დაცვის მინისტრმა - მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა - ნიკა ანთიძემ სრულად რეაბილიტირებული სქურის ეკლესია ადგილზე მოინახულეს.
სქურის დარბაზული ეკლესია X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი გამორჩეული ნიმუშია. ნაგებობის ცენტრალური დარბაზიდან შემორჩენილია თითქმის ყველა კონსტრუქციული კვანძი, რაც ძეგლის ავთენტურობაზე და მის გამორჩეულობაზე მეტყველებს.
2014 წელს საქართვლოს კულტურული მემვკდირეობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ძეგლის ორეტაპიანი რეაბილიტაცია დაიწყო. თავდაპირველად, ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია მავნე მცენარეებისგან გათავისუფლდა, მოხდა მიწაში გამოვლენილი ქვების მარკირება და ძეგლის სტრუქტურაში მათი თავდაპირველი მდებარეობის განსაზღვრა.
პროექტის პირველ ეტაპზე ტაძრის დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთ ფასადების საპირე წყობა ავთენტური მასალის გამოყენებით აღდგა.პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში კი - 2015 წელს, სრულად რეაბილიტირდა სქურის ტაძრის დარბაზული სივრცე.
აღდგენითი სამუშაოები ავთენტური მასალებით - ჩამონგრეული ქვებით და არქიტექტურული დეტალებით განხორციელდა, რომლებიც ძირითადად ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო შემორჩენილი.
ამასთანავე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს - ნიკა ანთიძეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება გადაეცა.
30.11.2015 წელი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური