ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანზიის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკას ეკომიგრანტ მოსახლეობას ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსთან და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებთან მისასვლელი ხიდები და გზები აღუდგებათ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხრიდან იგეგმება ტანძიის ხიდის, ასევე მისასვლელი გზის მშენებლობა და ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს, პროექტის ღირებულება 700 ათასი ლარს შეადგენს და პროექტი 2016 წელს განხორციელდება.
,,უკვე დადასტურებულია, რომ ბოლნისის მხრიდან ტანძიის ხიდის და ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, ამით მოსახლეობას საშუალება მიეცემა საკუთარი სახნავ-სათესი მიწები სრულფასოვნად გამოიყენონ, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლამდე კი რეაბილიტირებული გზა ტურისტებს მისვლას გაუიოლებს. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება პროექტი, თუმცა 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ნამდვილად იქნება“, — განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ დავით შერაზადაშვილმა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხრიდან კი ფიტარეთამდე მისასვლელი გზის და ხიდის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. ამჟამად ქალაქის ცენტრიდან სოფელ ალექსეევკამდე მისასვლელი 8 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელისაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს. პროექტში თეთრიწყაროს ნაკრძალამდე მისასვლელი გზაც მოხვდა.
აღნიშნული პროექტის განხორციელების წინადადება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივით, ჯერ კიდევ გასულ წელს გადაეგზავნა რეგიონული განვითარების სამინისტროს წერილობითი წინადადება.
პროექტის განხორციელებას ორივე მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთის მხრივ ეკომიგრანტ მოსახლეობას ეძლევა საშუალება მიტოვებული საკარმიდამო ნაკვეთები დაამუშაოს და მეორეს მხრივ ტურიზმის განვითარებას ეწყობა ხელი.
მონიტორინგი ხორციელდება ,,ეკომიგრაცია–დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
CENN