თებერვალში ბათუმში გოდერძის საინვესტიციო ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა „კომერსანტთან" განაცხადა. მისი თქმით, ფორუმი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პატრონაჟით გაიმართება და მასში მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები მიიღებენ მონაწილეობას.
მისი თქმით, იმისთვის რომ კურორტი ინვესტორებისთვის მიმზიდველი გახდეს, აუცილებელია მისი პოტენციალის გაცნობა პოტენციური ინვესტორებისთვის, ასევე იმის ჩვენება, თუ რა გააკეთა სახელმწიფომ კურორტის განვითარებისთვის და რა დახმარებას გაუწევს ის კერძო სექტორს იმ შემთხვევაში, თუ „გოდერძის" კურორტში ინვესტირებას განახორციელებენ.
ონოფრიშვილი აცხადებს, რომ მაღალმთიანი აჭარის კურორტზე ინვესტიციების განხორციელებას მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც დაეხმარება.
„პრემიერმინისტრის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხულო-ზარმის გზის რეაბილიტაციის პროექტზე. სამინისტროსგან ველოდებით დასტურს და ვიმედოვნებთ, რომ გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. კურორტზე რეალურად გზის ეს მონაკვეთი ქმნის პრობლემას. რეაბილიტირების შემდეგ, ინვესტორების მხრიდან ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნული პროექტით, ზამთარში აღარ დაიკეტება ახალციხის მიმართულება და კურორტზე თბილისელებიც 3.5 საათში შეძლებენ მოხვედრას"-აცხადებს ონოფრიშვილი.
მისი ინფორმაციით, გოდერძის კურორტმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. კერძოდ, ვიზიტორების მხრიდან ძალიან დიდი აქტივობა ფიქსირდება. ონოფრიშვილის განცხადებით, კურორტს უკვე სტუმრობდნენ ავსტრალიელი, ავსტრიელი, გერმანელი, ინგლისელი, რუსი და უკრაინელი ვიზიტორები.
„ახლა გერმანელების დიდი ჯგუფია ჩამოსული 10 დღით. როგორც უცხოელებმა, ისე ადგილობრივებმა გაიგეს, რომ გოდერძიზე ძალიან კარგი ხარისხის თოვლია. მისასვლელი გზის პრობლემის მოგვარების შემდეგ, ვიზიტორების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მგონია, რომ ეს კურორტი ქვეყნის ეკონომიკაში დიდ თანხებს შეიტანს"-აცხადებს ონოფრიშვილი.
კურორტი გოდერძი 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. კურორტი გათვლილია დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობაზე, ასევე, უცხოელ ტურისტებზე.
კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული სახლი.
კურორტის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო და ის ცენტრალური ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარით ფინანსდება. გარდა ამისა, საბაგირო გზებისთვის ავსტრიის მთავრობისგან 10.9 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხია გამოყოფილი.
საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.