ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ირანისთვის სანქციების მოხსნის ფონზე თბილისსა და თეირანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ ხორციელდება
30 იანვარი, 2016

თბილისსა და თეირანს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღარ ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთწლიანი წყვეტის შემდეგ თეირანი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა გასული წლის აგვისტოში შესრულდა, ავიარეისები მალევე შეწყდა.

როგორც „კომერსანტს“ თბილისის აეროპორტში განუცხადეს, თითქმის სამი თვეა ირანული ATA Airlines-ი ფრენებს აღარ ასრულებს.

რა გახდა ფრენების შეწყვეტის მიზეზი, „კომერსანტი“ ამ საკითხზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც დაუკავშირდა. როგორიც უწყებაში "კომერსანტს" განუცხადეს, ავიაკომპანიამ ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, კერძოდ კი რეისების არასათანადო დატვირთვის გამო.

ირანიდან ვიზიტორთა შემცირება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, რაც უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად გაუქმებას დაემთხვა. ამის შემდეგ ვიზის აღება საზღვარზე იყო შესაძლებელი, 2014 წლის 1 სექტემბრიდან კი მხოლოდ საკონსულოებში, შედეგად, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით 80%-ით შემცირდა ირანიდან შემოსულთა რიცხვი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა განახევრებულია და 23 ათასს არ აღემატება.  

იმ ფონზე, როდესაც ირანის მიმართ მსოფლიო ეკონომიკური სანქციები მოიხსნა, საქართველო ირანული ინვესტიციების გააქტიურებას ელოდება. ინვესტციებისა და ტურისტების შემოსვლის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად  კი სწორედ პირდაპირი ავიარეისების არარსებობა სახელდება.

საქართველო-ირანის ბიზნეს პალატის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გასააქტიურებლად პირდაპირი ავიარეისების დაწესება აუცილებელია.

„როდესაც საუბარია, რომ ირანიდან უნდა წამოვიდეს ინვესტორი თუ ტურისტი, ის ან დოჰაში უნდა ჩაფრინდეს, ან სტამბოლში, რაც დროის გამო საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი ავიარესიები იყოს დანიშნული“,- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ირანისთვის სანქციების მოხსნის ფონზე ჩატარდება ეკონომიკური ფორუმი საქართველო-ირანის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივის შესახებ. მთვრალაშვილი აცხადებს, რომ  9-10 თებერვალს სწორედ იმ თემებს განიხილავენ, რაც დღის წესრიგში ეკონომიკური სანქციების მოხსნის პარალელურად დადგება, მათ შორის საბანკო ტრანზაქციების შეზღუდვისა მოხსნისა და ავიარეისების დანიშვნის მიმართულებით.

მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ფორუმს ირანის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ირანელი ბიზნესმენებიც დაესწრებიან. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ კონკრეტულ ავიაკომპანიებთან ავიარეისების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა, ირანული მხრიდან დაინტერესება არის და უახლოეს მომავალში ელოდებიან სიახლეებს ამ მიმართულებით.

სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ირანისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა ხელს შეუწყობს და დააჩქარებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ორ ქვეყანას შორის. 

ავტორ(ებ)ი : სალომე მეცხვარიშვილი

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.