2016 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 4,3%-ით გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს ყოველთვიურად აქვეყნებს 2016 წლის იანვრის თვე 323 159 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 116 369 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%); ბ) ტრანზიტი – 48 466 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -16%); გ) სხვა – 158 324 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 13%). 2016 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-12,4%), თურქეთიდან (-5,6%), აზერბაიჯანიდან (+16%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩნენ საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 26%, 16%, 15% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (15%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (21%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (14%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები – 706%. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 7%-იანი ზრდა.