დღეს, 6 თებერვალს თეთნულდის სათხილამურო კურორტი იხსნება. როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, მთავრდება კურორტის განვითარების პირველი ფაზა და წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ საბაგიროს ხსნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების კომპანიას" მენეჯმენტში გადაეცემა.
სანდრო ონოფრიშვილის თქმით, დღეს კურორტზე ჰაწვალის საბაგირო მუშაობს, თუმცა ახალი საბაგიროს გახსნით სვანეთი უფრო გამდიდრდება და მეტი მიმზიდველობა იქნება ტურისტებისთვის. ონოფრიშვილის თქმით, საბაგიროს ფუნქციონირება აპრილის ბოლომდე გაგრძელდება და მსურველებისთვის სარგებლობა უფასო იქნება. ამას გარდა მესტიის ცენტრიდან ვიზიტორებს უფასო ავტობუსი მოემსახურება. სანდრო ონოფრიშვილი ამბობს, რომ 2016 წლის ბოლოს თეთნულდის განვითარების მეორე ეტაპი და ყველა საბაგირო დასრულდება, ერთი მცირე ზომის საბაგიროს გახსნა კი 2017 წელსაა დაგეგმილი. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, 2016 წლის ბოლოდან თეთნულდის კურორტი სრულფასოვნად შეძლებს ფუნქციონირებას. თეთნულდის საბაგიროების მონტაჟს ავსტრიული კომპანია "RMS" ახდენს.
პროექტი საფრანგეთის მთავრობის კრედიტით და საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. საფრანგეთის მთავრობის კრედიტი 18 მილიონი ევროა, საქართველოს მთავრობა კი სულ 100 მილიონი ლარის აქტივობებს ახორციელებს.
კურორტის მთლიანი ფართობი 7000 ჰექტარია.
გამოთვლების მიხედვით, კურორტს ერთდროულად შეეძლება მოემსახუროს 4100 მოთხილამურეს, საბაგიროების საერთო გამტარიანობა - 8400 ადამიანი/საათში, კურორტის ტურისტული ტევადობა არის 6806 ადამიანი.
ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია