ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვინ ააღორძინებს ბახმაროს – კურორტის განვითარებით გერმანელი ბიზნესმენი დაინტერესდა
26 თებერვალი, 2016

მთავრობამ კურორტ „ბახმაროს" განვითარება პრიორიტეტად დაასახელა. ბახმაროს განვითარებისთვის სპეციალური ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სპეციალური ჯგუფი კურორტის განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კურორტების პოტენციალი იქნას ბოლომდე ათვისებული, რადგან ტურიზმი გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი დარგი",- აღნიშნა პრემიერმა.

რა პოტენციალი აქვს კურორტ ბახმაროს და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს, ამის გარკვევა „კომერსანტმა" სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში სცადა. მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე აცხადებს, რომ „ბახმარო" თავისი ჰავით უნიკალურია და მას თავისუფლად შეუძლია იყოს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის კურორტი. „ის არის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი. რაც ყველაზე მთავარია, კურორტზე უნდა განვითარდეს სამთო-სათხილამურო მიმართულება, ბახმარო ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა"-აცხადებს სალუქვაძე.

მისი თქმით, ბახმაროს განვითარებით გერმანელი ბიზნესმენი ინგუ შლუტიერია დაინტერესებული.

შლუტიერი „ბახმაროში" სამთო-სათხილამურო ტრასების და სასტუმროების მშენებლობას გეგმავს. „ერთი კვირის წინ ბახმაროში გერმანელები იყვნენ ჩამოსულები. კურორტი ადგილზე მოინახულეს, მათი მხრიდან დაინტერესება დიდია. მარტში ისევ ჩამოვლენ. როგორც პრემიერმა განაცხადა, სპეციალურად შექმნილი ჯგუფი უკვე კურორტის განვითარების კონცეფციას დაახვედრებს. უკვე ამის შემდეგ გადაწყდება გერმანელების და ჩვენი შესაძლო თანამშრომლობა-პარტნირობის საკითხი," - აცხადებს სალუქვაძე.

გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ დღეს კურორტზე ბევრი პრობლემაა, მათ შორის მოსაწესრიგებელია გზები, წყალმომარაგება, გასაკეთებელია საკანალიზაციო სისტემები, გაზიფიკაცია და ასე შემდეგ. გარდა ამისა, შესაქმნელია უძრავი ქონების კადასტრის ერთიანი სისტემა. მისი თქმით, უნდა დაიდოს კონცეფცია, ანუ კურორტის განვითარების გეგმა. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის თქმა, რა ოდენობის ფინანსური რესურსები იქნება ინვესტირებისთვის საჭირო.

სალუქვაძის განცხადებით, დღეს ბახმაროში დასვენება არაკომფორტულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, კურორტი ტურისტების სიმცირეს არ უჩივის. მისი თქმით, კონცეფციის მთავარი შემადგენელი ნაწილი ელექტროენერგიის და გაზით მომარაგების საკითხის მოგვარება იქნება. „ბახმაროში დღემდე ელექტროენერგია არის, თუმცა გაზი არა. ამის მიზეზი არის ის, რომ ზაფხულის კურორტზე გაზიფიკაცია არამომგებიანა. როდესაც ბახმარო ზამთრის კურორტად გადაიქცევა, ჩადგება სასტუმროები და კოტეჯები, რენტაბელური გახდება და, შესაბამისად, ეს ბიზნესის დაინტერესებასაც გამოიწვევს"-აცხადებს სალუქვაძე.

შევა თუ არა ბახმაროც, ზამთრის სხვა კურორტების მსგავსად შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" შემადგენლობაში, ამის პასუხად სალუქვაძე აცხადებს, რომ ის კურორტები, რომლებიც ამ კომპანიის მენეჯმენტის ქვეშაა, უკვე შემდგარი კურორტებია. ბახმაროს შემთხვევაში კი ჯერ კონცეფციაზე მიდის საუბარი. ასე რომ, ამაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, როდესაც ბახმარო  კურორტად იქცევა და განვითარდება, შემდგომში მისი მენეჯმენტი და მართვა შესაძლოა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასაც" დაევალოს.

ავტორ(ებ)ი : სოფო ქსოვრელი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.