მსოფლიო ბანკმა და მთავრობამ სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვთარების პროგრამა დაიწყო
მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, საფარის მონასტერთან მისასვლელ 7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება. გზის აღდგენითი სამუშაოები პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
“საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი თვალსაზრისით. ეს არის 7 კილომეტრიანი გზა, რომლის გახსნაც მოხდება წელს. აქ დადიან ტურისტები, მომლოცველები, რეგიონის მცხოვრებლები და ყველასთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაკეთდეს გზა და მოეწყოს ინფრასტრუქტურა გზის გარშემო.
აქ გაკეთდება გადასახედები, ავტომანქანის სადგომები. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეს ჩვენ ასევე დავათვალიერებთ რამდენიმე საწარმოს, რომლებიც პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გაიხსნა, ვეწვევით შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოს და დავესწრებით ბორჯომში ახალი სასტუმროს გახსნის ღონისძიებას”, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 7,2 კმ-ი, გზის საფარის სიგანე კი 5 მეტრია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 70 ადამიანი. გზის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის ღირებულება, რომელსაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, 3 198 099,81 ლარია.
წყარო: http://www.ibusiness.ge/msoflio-bankma-da-mtavrobam-samckhe-javakhetshi-turizmis-ganvtarebis-programa-daiwyo/