ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უცხოური წყაროები გურიის შესახებ
08 მარტი, 2016
წერილები გაგზავნილი მამა ლუი გრანიეს მიერ მოძღვარ კლაუდიო აკვავისადამი, დაწერილი მოქვში, სამეგრელო 1616 წელს
 

წერილებში აღწერილია კათოლიკე მისიონერების მოგზაურობა დასავლეთ საქართველოში. მისიონერები ხვდებიან  ხვდებიან გურიელს (სავარაუდოდ მამია II გურიელს, რომელის ამ დროს იყო მთავარი), რომელიც პაპს აღიარებს და სურვილს გამოთქვამს პაპს ჩააბაროს აღსარება წერილობით. შემდეგ მისიონერები გადადიან სამეგრელოში, მოქვში და ხვდებიან დადიანს.
 
 
იტალიელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე (1586 – 1652) 
„ინფორმაცია საქართველოს შესახებ“ (1627)

...სამეგრელოს სამხრეთით, შავი ზღვის ნაპირს კაპადოკიისა და ტრაბიზონის საზღვარზე მართავს უძველეს მეფეთა შთამომავალი მთავარი. ამ სახელმწიფოს ეწოდება გურიელი და ჩემი აზრით კაპადოკიის ან კოლხეთის ნაწილი უნდა იყოს. ჩემი აზრით, მთავრის სახელი იესე უნდა იყოს. ვფიქრობ მისი ოჯახიდან უნდა იყოს მიტროლოპიტი, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს მთელ ქართულ ეკლესიას, რომელიც არ ემორჩილება სპარსეთის მეფეს...

არსებობს სამი სხვა ქართველი მთავარი, იმერეთის, ოდიშისა და გურიელის, რომლებიც გამუდმებით აგრძელებენ აყვავებას და ინარჩუნებენ მათ სამფლობელოებს სიმდიდრეში და არ განიცდიან შეწუხებას მუსლიმთაგან. ორი მთავრის, ოდიშისა და გურიელის ტერიტორიები განლაგებულია შავი ზღვის ნაპირას და გარკვეულწილად დაუცველია თურქთა საზღვაო ძალების თავდასხმისაგან, მაგრამ მათი მდებარეობის გამო ინარჩუნებენ კონსტანტინოპოლთან და მთელ საბერძნეთთან აბრეშუმითა სა სხვა საქონლით ვაჭრობის მნიშვნელოვან უპირატესობას. იმისათვის, რომ შინარჩუნონ მეგობრები და არ გადაიკიდონ ასეთი ძლიერი მეზობლები, მათ აღიარეს დაქვემდებარება თურქეთისადმი და საჩუქრებისა და მუდმივი მომსახურების მეშვეობით უზრუნველყვეს საკუთარი მშვიდობა და წესრიგი. თუმცა ისინი არასდროს რთავენ თურქებს მათ ქვეყანაში მბრძანებლობის მითვისების ნებას და არც მათ არმიას აძლევენ გასასვლელს ქვეყნის ნებისმიერი სხვა ნაწილისკენ. პირიქით,ისინი ინარჩუენებენ სრულყოფილ თავისუფლებას რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის კაზაკები, რომელიც ცხოვრობენ შავ ზღვასთან დნეპრის შესართავთან და მუდმივად ემტერებიან თურქებს და მეტიც, აზიანებენ მათ, ქართველები ამის მიუხედავად იღებენ მათ როგორც მეგორებს, ქრისტიანებს და ქორწინდებიან მათთან. ამბობენ, რომ პოლონეთის მეფე ინარჩუნებს მეგობრული ურთიერთობასა და მიმოწერას მათთან, გემები ხშირად მოძრაობენს ამ ორ ქვეყანას შორის, ეს გარემოება სავარაუდოდ დიდებული შედეგის მქონე იქნება ქართველებისთვის, კაზაკები დღესდღეობით ბატონობენ შავ ზღვაზე და არიან ძალიან ძლიერები, ამას ემატება ისიც, რომ პოლონეთის მეფემ, ზღვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ მათ სპარსები ან თურქები შეაწუხებენ, შეიძლება გაუწიოს მათ დახმარება და ამ მხრივ ისინი [ქართველები] კვლავ სასარგებლო იქნებიან კაზაკებისთვის, რადგან მათი ქვეყნების პორტები შეძლებენ უზრუნველყონ გემების უსაფრთხო შეკრება სხვადასხვა ექსპედიციების დროს. უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, რომ რაღაც მომავალში, თუ ევროპელები რაიმე დიდ საქმეს წამოიწყებენ კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ, მათი მდებარეობა იყოს უაღრესად მომგებიანი როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო თავდასხმის გასაადვილებლად.
 
...კაზაკებმა გადაწყვიტეს კოლხეთის სანაპიროზე ორმოცი კაცი გადმოესხათ ყველაზე უფრო გაბედული და კეთილშობიური ხასიათისა. ამ ორმოც კაცს დაავალეს კარგად დაკვირვებოდნენ გზას და თუ შესაძლებელი აღმოჩნდებოდა, სპარსეთის მეფის კარზე წასულიყვნენ და მოლაპარკება გაემართათა ამ მეფესთან. ამ ორმოცმა კაცმა გამოიყენა გურიის მდინარები და ამავე მთავრმა მათ რეკომენდაცია მისცა იმერეთის მეფესთან

პიეტრო დელა ვალე

გერმანელი მეცნიერი მორიც ვაგნერი
აღწერს XIX საუკუნის პირველი ნახევრის შავიზღვისპირა საქართველოს
 
ის შეხვდა ფოთის ციხის ზემოთ ღარიბი გურული მეთევზის ქალიშვილს. როგორც ვაგნერს უთხრეს, მეთევზე სიღატაკის გამო დიდი სიამოვნებით გაყიდდა ქალიშვილს თურქეთში, მაგრამ შვილს მშობლიური მხარე ერჩივნა მდიდრულ ჰარამხანას სტამბულშიო. 
დიდებული მხარის – გურიის მაცხოვრებლები მთელ კავკასიელ ხალხებს შორის სილამაზით პირველნი არიან ...თვით ნიმფა კირკე ,,დიდი, ლამაზი და საყვარელი”, როგორიც ჰომეროსმა დახატა, ვიხილე საღამოს... გურული ნიმფა არ იყო მორთული ,,ვერცხლისფერ სამოსში ოქროთი გაბრწყინებული სარტყელით”, არამედ ფერადი ნაჭრებით დაფარული, რომლებიც მშვენიერ ახალგაზრდულ სხეულს ეკვროდნენ და მხოლოდ სანახევროდ ფარავდნენ. სახე დაუფარავი ჰქონდა. უფრო ნატიფი ხაზები და მშვენიერი ტანი ამ ლამაზ ხალხში იშვიათად მინახავს... წინათ მამები ნაკლებად აქცევდნენ ყურადრებას ქალიშვილთა მხრივ სამშობლოს სიყვარულს და მათ ნებით, ან ძალით უგდებდნენ ხელთ თურქ მონათმოვაჭრეებს 
გერმანელი მოგზაური აუგუსტ ფრანც ლუდვიგ მარია ჰაქსტჰაუზენი 
მისი წიგნი აღწერს 1840-50-იანი წლების დასავლეთ საქართველოს. 
 
„შეხედულება, რომელიც სანახევროდ მე აქ მომყავს, ჩამომიყალიბდა გურიაში ჩემი განმეორებითი მოგზაურობის შემდეგ. თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ გურია სავარაუდოდ ყველაზე ნაყოფიერია კავკასიის მიწათა შორის. აქ მიწას არასდროს ანოყიერებენ და წელიწადში ორი მოსავალი მოჰყავთ! შემოდგომაზე მიწას ადვილად აბრუნებენ ორწვერა კავის მსგავსი იარაღით, რომელშიც ორი ხარია შებმული; შემდეგ თესენ ხორბალს, რომელსაც უკვე აპრილში იღებენ. მერე მას ხელახლა ხნავენ და ფარცხით ფარცხავენ (შეკრულია ტოტებისაგან); ახლა კი თესენ ფეტვს ან სიმინდს, რომელიც სექტემბერში მოდის. აქ თამბაქოსაც აშენებენ. ეს მხარე გარეგნულად დიდად წააგავს შიდამთიან ვესტფალიას, რავენსბერგს, ოსნაბრუკს. ის შედგება არა სოფლებისაგან, არამედ ცალკეული, მეტწილად პატარა ბორცვებზე შემდგარი კარ-მიდამოებისაგან. ასეთი კარ-მიდამო ქმნის ვრცელ ეზოს, რომელიც მესრით ან ღობითაა შემორაგული. შენობები აქ დგას დიდი, მშვენიერი ხეების ქვეშ, როგორიცაა კაკალი, წაბლი, ჩინარი.“

ნახატი წიგნიდან: გლეხის სახლი გურიაში
 
დოკუმენტი ხელმისაწვდომია აქ
 
ბრიტანელი მოგზაური ედმუნდ სპენსერის წიგნიდან „თურქეთი, რუსეთი, შავი ზღვა და ჩერქეზეთი“ (1854)
 
სინამდვილეში, რუსეთის  ძალაუფლება ამ პროვინციებში, სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში, ძალზე არასაიმედოა. მან კარგად იცის, რომ მანამ დაღესტნისა და დასავლეთ კავკაისიის მცხოვრებლებთან ომი აქვს, უმცირესი ხელყოფაც კი ხალხის თავისუფლებებისა - ისინი კი ძალზე შეჭიდულნი არიან თავისუფლებასთან - მიიყვანს აჯანყებამდე და ამან, შესაძლოა, შექმნას საქართველოს დაკარგვის საფრთხე, რეგიონისა, რომელიც მისი პოზიციიდან არის გასაღები ამიერკავკასიაში მისი ყველა სამფლობელოსთვის. აქედან გამომდინარე, მან ვერ გაბედა იქ შეეტანა მისი რთული საპასპორტო და საგადასახადო კანონები, არც ჩინოვნიკების არმიით აუვსია ქვეყანა, რათა იძულების წესით გაეტარებინა სხვადასხვა შემაწუხებელი რეგულაცია, რომელთა მეშვეობითაც მას კარგად შეუძლია დაამონოს ნებისმიერი ხალხი, რომელიც საუბედუროდ მისი მმართველობის ქვეშ აღმოჩნდება. ეჭვგარეშეა, ძალიან განსხვავებული სისტემა იქნება გატარებული, თუ ის შეძლებს დაიმორჩილოს დაღესტნისა და ჩერქეზეთის მოუთვინიერებელი და დაუოკებელი სული.  ჩვენ უნდა შევამჩნიოთ, ისევე, როგორც ძველ რუსეთში, ასევე ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც იგი შეძლებს დაამყაროს მისი ძალაუფლება, დესპოტიზმის დახვეწილი სისტემის შეცვლა პატრიარქალური ბელადებისა და უხუცესების რბილი წესებით და ყოველი პრივილეგია, რომელიც ხალხმა ახლა მათ გამოგლიჯა მანამ, სანამ ისინი, მის მიერ მართულ დანარჩენ ინერტულ და უსულო მასასავით გადაიქცევიან მანქანად, რომელიც იმართება მარჯვე ინჟინერის მიერ.
 
პრუსიის სამეფოს პრინცი ალბრეხტ ჰოჰენცოლერნი თავის წიგნში „კავკასიაში 1862“ აღწერს  1862 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გურიაში ყოფნის პერიოდს . 

...დიმიტრი გურიელს ახლდა მდიდრულ, ღია ფერების ტანსაცმელში ბრწყინვალედ გამოწყობილი 100-მდე მილიციონერი (მოლაშქრე): მოლაშქრეებს ეცვათ გურული ტანსაცმელი: ჩაქური ხავერდის შარვლები ან გრძელი თეთრი შარვლები, მუხლებამდე ვიწრო პაიჭები, წელსზემოთ ელეღსა და ზუპუნას ზემოდან, ღია წითელი ფერის მოკლე ჩოხა ანუ ჯანიო; წელზე ერტყათ ფართო, ოქროს სირმით მდიდრულად ნაქარგი ტყავის სარტყელი, რომელშიაც გაჩრილი იყო ყამა ან ხანჯალი და დამბაჩა. ფეხზე ეცვათ ფერადი ფეხსაცმელები. ყველას ჰქონდა ჩახმახიანი თოფი. გურულები მოხდენილად და მდიდრულად იყვნენ ჩაცმულნი. თვალს იტაცებდა გურულების სილამაზე: გრძელი, ფაქიზად გამოყვანილი ცხვირი, ფართო შუბლი, პატარა პირი, იშვიათი ელვარების მეტყველი შავი თვალები, მუქი, ესპანური სახის ფერი...
 
...გურულები ატარებენ მუქწითელი ფერის შალის ყაბალახებს, რომლებიც თავზე მოხდენილად აქვთ მოხვეული. ყაბალახი კარგად იცავს ცუდ ამინდში და კიდეც უხდებათ. ქერა ან წაბლისფერი თმა კარგად აქვთ მოვლილი...
 
...დებულება, რომ შავსა და კასპიის ზღვებს შორის ადამიანთა უმშვენიერესი სახეობა სახლობს, არსად ისე არ დასტურდება, როგორც გურიაში, ოღონდ ეს გურულ მამაკაცებს ეხება, - ქალები მხოლოდ მაღალი საზოგადოების მანდილოსნები არიან აქ ლამაზები. გურულ მამაკაცზე უმშვენიერსს ვერაფერს ნახავთ. მისი ტანადობა, ძალოვანება, კანის ფერი, წვერი, თვალები, კბილები, განიერი მკერდი, სწორი თეძოები, მკლავები, ჩაცმულობა და შეიარაღება ყველაფერი ერთმანეთის შესაფერია ... მხოლოდ ამის მნახველი ევროპელი გაიგებს რა უპირატესობა აქვს კავკასიურ რასას სხვებთან შედარებით
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.