ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ციხისძირში სასტუმრო Castello Mare ზაფხულში გაიხსნება
19 მარტი, 2016

ციხისძირში სასტუმრო Castello Mare ზაფხულში გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს" პროექტის განმახორციელებელ კომპანია Green Cape-ში განუცხადეს. მათი ინფორმაციით,სასტუმრო 2015 წლის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მისი ექსპლუატაციაში შესვლა გადაიდო.

კომპანიის წარმომადგენელი ვაკო კუვშინოვი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სასტუმროს მშენებლობის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რაც უახლოეს მომავალში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, როდესაც მშენებლობა სრულად დასრულდება, სასტუმროს მართვაში უცხოური კომპანია შევა და მენეჯმენტს ის განახორციელებს. რომელი კომპანია შემოვა სასტუმრო Castello Mare-ს მართვაში, ამას კუშინოვი არ ასახელებს, თუმცა, აცხადებს, რომ მათთან მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს.

კუშინოვის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, სასტუმროში Castello Mare, პენტჰაუსის ტიპის ნომრის ღირებულება ერთი ღამით, 20 ათასი დოლარი იქნება. მისი თქმით, საფასო პოლიტიკას მართვაში შემოსული მენეჯმენტი განსაზღვრავს, თუმცა, სასტუმროში მისაღები ფასები იქნება.

შეგახსენებთ, გასული წელს „კომერსანტს" კომპანიაში Green Cape განუცხადეს, რომ სასტუმრო მაღალ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი და პენტჰაუსის ტიპის ნომრის ღირებულება ერთი ღამით, 20 ათასი დოლარი იქნებოდა. ჩვეულებრივი ნომრის ფასი კი 200 დოლარიდან დაიწყებოდა.

ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 125 ნომერი, 4 საკონფერენციო დარბაზი, 250 ადამიანზე გათვლილი რესტორანი, 100 ავტომობილისთვის განკუთვნილი პარკინგი, საუნა, სამედიცინო სპა-ცენტრები და სხვა მომსახურებები განთავსდება. კუშინოვი აცხადებს, რომ პროექტის ღირებულება 30 მილიონი დოლარია. სამუშაოებს კი ავსტრიულ-ქართული კომპანია „ქარაფი" ახორციელებს.

ავტორ(ებ)ი : სოფო ქსოვრელი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.