ბათუმში მაის ტურიზმის მიმართულებით მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ რადიო „კომერსანტის" რუბრიკა „საათის თემაში" ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ მიმართულების განვითარება რეგიონში ჩამოსული ტურისტების მოთხოვნაა.
ზოიძის თქმით, აჭარაში ჩამოსული საქმიანი ადამიანები, რომლებიც ბიზნეს შეხვედრებს მართავენ ან გეგმავენ, საკონფერენციო დარბაზების აუცილებლობაზე საუბრობენ. შესაბამისად, დადგა იმის საჭიროება, რომ ქვეყანამ ამაზე იფიქროს.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის აჭარაში მიმდინარეობს სასტუმროების იდენტიფიცირება, სერვისების დახვეწა და მაის ტურიზმის ბაზის განახლება. ზოიძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად არის დაწყებული.
დაახლოებით ერთი თის წინ ქვეყანაში მაის ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე საუბრობდა „კომერსანტთან" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც. მისი თქმით, დღესდღეობით საქართველოში საქმიანი ტურიზმისთვის ყველაზე მზად გახლავთ თბილისი და ბათუმი. ღონისძიებების უმეტესობა კეთდება დიდ სასტუროებში, ასეთები კი ძირითადად ამ ორ ქალაქშია წარმოდგენილი.
ჩოგოვაძის თქმით, საქართველოში ძალიან დიდი მასშტაბის საკონფერებნციო დარბაზები შეიძლება, ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ არის დარბაზები, რომლებიც 50-დან 500-კაცამდე განთავსების შესაძლებლობას იძლევა. „ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ თავი უნდა შევიკავოთ საქმიანი ტურიზმის განვითარებისგან, მით უმეტეს, 2016-2017 წლებში საქართველოს რამდენიმე საკმაოდ დიდი საერთაშორისო დონის სასტუმრო შეემატება"-აცხადებდა ჩოგოვაძე.
ავტორ(ებ)ი : სოფო ქსოვრელი