როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს გულისხმობს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას.
„სივრცითი მოწყობა არის ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა. ამ მიმართულებით ჩვენ დღეს ვიწყებთ ახმეტის, თუშეთის, მესტიის და მულახის განვითარების ღონისძიებათა შესახებ გადასადგმელი ნაბიჯების განხილვას და პაკეტის დამტკიცებას. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისების მიზნით, დღეს ვიწყებთ განვითარების და ამ მიმართულებების სივრცითი ტერიტორიული მოწყობის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნას", -განაცხადა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, ამ დოკუმენტის მიხედვით მოხდება გეგმური, კანონზომიერი განვითარება, რათა ერთი მხრივ, მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის და იქ არსებული უნიკალური ეკოსისტემის შენარჩუნება, მეორე მხრივ, განვითარდეს ტურისტული პოტენციალი. „ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ან უფრო ადრე ეს დოკუმენტი იქნება მზად, რაც იქნება განვითარების საგზაო რუკა ამ ორი მიმართულებით", -აღნიშნა პრემიერმა.
“კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, რა ტურისტული პოტენციალი გააჩნია აღნიშნულ რეგიონებს და აქვთ თუ არა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სამოქმედო გეგმა.
ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური აცხადებს, რომ ამ დროისთვის მუნიციპალიტეტი მუშაობს თუშეთის განვითარებაზე, რადგან მას ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. კერძოდ, მუშაობა მიდის ტურისტული ბილიკების მარკირებაზე, მათ შორის ბილიკზე, რომლითაც ხევსურეთი თუშეთს დაუკავშირდება.
ახმეტის გამგებელი ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული რეგიონების განვითარებას ეხება, დროულია, რადგან ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებსა და ქალაქებში საკმაოდ მწვავედ დგას რამდენიმე პრობლემა. საქმე ეხება ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას და ნარჩენების გატანას.
„მაგალითად, თუშეთსა და ახმეტაში მოსაწესრიგებელია გზის ინფრასტრუქტურა, ნარჩენების გატანის საკითხის მოგვარება კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ნაგავს თელავის მუნიციპალიტეტში ვყრით, რადგან ჩვენთან ამის საშუალება არ არის. გვაქვს პროექტი, რომ არსებობდეს მაღალი გამავლობის რამდენიმე მანქანა, რომელიც ერთ ადგილზე მოახდენს ნაგვის შეგროვებას და ჩამოიტანს ნაგავს თელავში"-აცხადებს ბაიდაური.
მისი თქმით,ასევე მნიშვნელოვანია ახმეტაში დამონტაჟდეს გზის მაჩვენებლები, აშენდეს სასტუმროები, საინფორმაციო ცენტრები და ასე შემდეგ. ბაიდაური ამბობს, რომ ახმეტას და განსაკუთრებით თუშეთს, ყოველწლიურად ეზრდება ტურისტების რაოდენობა. მაგალითად, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ტურისტების 35 პროცენტიანი ზრდა იყო. კონკრეტულად თუშეთს, გასულ წელს 20 000 ტურისტი სტუმრობდა.
მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ კურორტ „თეთნულდის" განვითარებამ მესტია-მულახს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი შესძინა. მისივე თქმით, იგეგმება მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტურისტების რაოდენობას.
ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ სვანეთი ის კურორტია, რომელსაც ზამთარ-ზაფხულ ჰყავს ტურისტი. სვანეთის ყველა სოფელს საუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს იზიდავს ტურისტს.
მესტიის გამგებელი ამბობს, რომ მიმდინარე წლის სექტემბრისთვის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად სვანეთის განვითარების გენერალური გეგმა მზად იქნება, რომლის შემდეგაც უკვე დაიწყება რეგიონის განვითარება. მისი თქმით, მოსაწესრიგებელია გზები, ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობის სისტემები, ელექტრო სისტემები და ასე შემდეგ.
შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება დროულია და სწორიც. მისი თქმით, მესტიას და მულახს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომელსაც სწორად გამოყენება და ათვისება სჭირდება. რაც შეეხება ახმეტა-თუშეთის მხარეს, ამ ცოტა რთულადაა საქმე, რადგან რეგიონში მწვავედ დგას ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობის პრობლემა, არ არის გზები, კომუნიკაცია, რაც ძალიან დიდი თანხებს მოითხოვს.
თაბაგარი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ ხელისუფლება რაჭა-ლეჩხუმის განვითარებითაც დაინტერესდება.