ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში გიდების ონლაინ დაჯავშნის სისტემა შეიქმნა
22 მაისი, 2016

საქართველოში გიდების ონლაინდაჯავშნის სისტემა შეიქმნა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კონკრეტულ დღეს და ადგილას კვალიფიური სპეციალისტის მომსახურება მიიღოს. იდეის ავტორი და განმახორციელებელი „ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოებაა“.

ორგანიზაციის დირექტორი გიორგი კვეზერელი დეტალურად უამბობს „კომერსანტს“ ახალი პროგრამის შესახებ და იმ პრობლემებზეც საუბრობს, რომლებიც ამ მიმართულებით სფეროში არსებობს.

გთავაზობთ ინტერვიუს „ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოების“ დირექტორ გიორგი კვეზერელთან:

-  თქვენ გიდების ონლაინ დაჯავშნის სისტემას ქმნით. რას ნიშნავს ეს და რატომ გახდა საჭირო მისი შექმნა? ასეთი პრაქტიკა სხვა ტურისტულ ქვეყნებშიც თუ არსებობს, მათი მოდელი გადმოგაქვთ?

- ზოგადად ჩვენი პროექტის მიზანია, შევქმნათ ინფორმაციული კატალოგი, სადაც განთავსებული იქნება ტურიზმის სფეროში არსებული ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული ობიექტი, იქნება ინფორმაცია კომპანიების, სასტუმროების, ტურისტული მომსახურების შესახებ.

რაც შეეხება გიდების ონლაინ დაჯავშნას, ასეთი რამ საქართველოში არ არსებობს, თუმცა, მსგავსი პრაქტიკა დანერგილია რამდენიმე ქვეყანაში. ეს არის ვებ-გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან გიდები და ტურისტებს საშუალება ექნებათ, საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად აირჩიონ პროფესიონალები და დაჯავშნონ ისინი ონლაინ. დაჯავშნის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ გიდებს და ისინი ახდენენ კომუნიკაციას. ეს არის გიდების დასაქმების ძლიან კარგი საშუალება. ზოგადად, საქართველოში გიდი რთული საპოვნელია. ტურისტული კომპანია არ გაძლევს კონტაქტს და მათთან დაკავშირება გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს.

- თქვენს საიტზე რეგისტრაცია გიდებისთვის უფასოა?

- რეგისტრაცია არის უფასო, ავსებენ ძალიან მარტივ განაცხადს, აკონტროლებენ საკუთარ გვერდს, ავსებენ ინფორმაციას როდის სცალიათ, რა უნარები აქვთ და ა.შ. შემდეგ ტურისტი სწორედ ამ მახასიათებლების მიხედვით ირჩევს გიდს.

-  გიდის დაჯავშნა ფასიანია?

-  არც დაჯავშნა არის ფასიანი.

-  მაშინ რა არის მოგება, რადგან თუ არც დაჯავშნაა ფასიანი და არც გიდის რეგისტრაცია, რა არის თქვენი სარგებელი, რაც ამ პროექტს ბიზნესად აქცევს?

-  პირველ ეტაპზე ვეხმარებით გიდებს, მომავალი წლიდან კი ვფიქრობთ გარკვეული საკომისიოს აღებას გიდის მომსახურებიდან. მაგალითად, გიდის მიერ  მიღებული შემოსავლის 10%.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ გიდის პოვნა საკმაოდ რთულია. ხომ არ გიფიქრიათ, რომ მოლაპარაკებები გეწარმოებინათ მაგალითად booking.com-თან და თქვენი მომსახურება ამ საიტის მეშვეობით შეგეთავაზებინათ პოტენციური კლიენტებისთვის?

- მოლაპარაკებები ამ საკითხზე ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა,  იდეის დონეზე ასეთი აზრი არსებობს. ზოგადად, ვფიქრობთ, რა შეთავაზება შეიძლება გავუკეთოთ booking.com-ს, რადგანაც არსებობს გარკვეული პრობლემები. მაგალითად, სასტუმროები უარს აცხადებენ ისეთ ფასში მისცენ ოთახი ტურისტულ კომპანიას, როგორშიც აძლევენ booking.com-ს, შედეგად, საკმაოდ გართულებულია მდგომარეობა ამ მიმართულებით.მაგალითად, როცა ტურისტული კომპანიის კლიენტი უყურებს ჩაშლილ ფასს და იქ სასტუმროს ფასი იმაზე ძვირი წერია, ვიდრე booking.com-ზე, ეს უნდობლობის განცდას უქმნის კლიენტს.

- არსებობს გარკვეული მოსაზრება გიდების არაკვალიფიციურობასთან დაკავშირებითაც, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი პროფესიონალები არ არიან და ზედაპირული ცოდნა აქვთ. ერთი მხრივ,  ხედავთ თუ არა ამ პრობლემას თქვენ? და მეორე მხრივ, რა ბერკეტები არსებობს თქვენს საიტზე იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული არაპროფესიონალი გიდის რეგისტრაცია და შემდეგ მისი დაჯავშნა?

- დაგეთანხმებით, რომ დღეს  ვინც ელემენტარულ დონეზე იცის ენა, იწყებს გიდად მუშაობას. მთავარი პრობლემა არის სწორედ ის, რომ არ ხდება გიდების რეგისტრაცია. უნდა ხდებოდეს გიდების ლიცენზირება სახელმწიფოს მხრიდან ვადიანი სერთიფიკატით, რომ ის შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, იცის გეოგრაფია, ისტორია და ა.შ. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა გიდის არაკვალიფიციურობის გამო უკმაყოფილების განცდა აქვთ ტურისტებს.

რაც შეეხება ჩვენს საიტს და აქ დარეგისტრირებულ გიდებს, ჩვენ ვთანამშრომლობთ „გიდების ასოციაციასთან“, რომელიც გასცემს გარკვეულ სერთიფიკატს, ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი სერთიფიცირებული გიდი მოვიზიდოთ. არაასოციაციის გიდის რეგისტრაციის დროს კი, ჩვენ ვითხოვთ რეკომენდატორის მითითებას და ვამოწმებთ ამ ადამიანებთან კონკრეტული  პირის შესახებ ინფორმაციას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არსებობს საქართველოში რამდენიმე ათეული გიდი, რომელიც არ არის გიდების ასოციაციის წევრი, მაგრამ ნამდვილად კომპეტენტური გიდია, ამიტომ მათ ვერ დავუკარგავთ შრომას.

შეჯამების სახით რომ ვთქვათ,  დღეს რეალურად არსებობს ოფიციალური გიდების ლიცენზირების პრობლემა, რასაც წესით, ალბათ, ტურიზმის ადმინისტრაცია უნდა ახორციელებდეს; ატარებდეს გამოცდებს გიდებისთვის და გასცემდეს ვადიან სერთიფიკატს. ასე ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში.

ავტორ(ებ)ი : სალომე მეცხვარიშვილი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.