საქართველოში დიდი ხანია, ტურისტული სეზონმა სტარტი აიღო. როგორც იცით, ქვეყნის მასშტაბით, ხშირად გაწვდით ხოლმე ჩვენი მდიდარი და მარავალფეროვანი ბუნებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ ინფორმაციებს. ამჯერად საქართველოს კანიონებს შევეხებით.
კანიონი მდინარის ღრმა ხეობაა, ციცაბო ფერდობებითა და ვიწრო ფსკერით, რომელიც, მდინარის კალაპოტს მთლიანად მოიცავს. კანიონები უმეტესად მთიან ადგილებსა და მაღალ ვაკეებზე გვხვდება. მსოფლიოს უდიდესი კანიონის (მდინარე კოლორადო, აშშ) სიგრძე 320 კმ-ია, სიღრმე - 1800 მ-მდე...
საქართველოში ბოლო დროს ცნობილი კანიონებია - მარტვილისა და ოკაცეს, ორივე დასავლეთ საქართველოშია, რომელთაც უამრავი მნახველი ჰყავს, თუმცა ბევრისთვის იქ მოხვედრა ჯერჯერობით ოცნებაა...
მარტვილის კანიონი
იხილეთ გალერეა
მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი დაბლობს უჭირავს. სამხრეთ-დასავლეთით მთის მასივი აკრავს, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და სამკურნალო, მინერალური წყლებით. მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს.
მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა, იქ ცოტა ხნის წინ დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რამაც ბევრს ამ კუთხის ნახვის სურვილი გაუჩნდა.
სოფლელ გაჭედილში (სადაც დინოზავრის ნაკვალევია აღმოჩენილი, მეგრულად გოჭკადირი) როგორც ამბობენ, XVII საუკუნის დასასრულს, სამეგრელოს მთავარს ბერძენი ოსტატები მოუწვევია, რომლებმაც მდინარე აბაშის ვიწრო ხეობაში, სადაც ორი ხეობა, უნაგირა და ტაბაკონა კიდურებით ერთმანეთს ებჯინება, აგურის ლამაზი ხიდი აუშენებიათ, ისრის წვერის მოყვანილობის ერთი თაღით. ამით ხეობის ორივე ნაპირი გაერთიანდა, რომელიც მაშინ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ადგილი ყოფილა. ე.ი. – ხეობა გაჭედეს. სწორედ აქედან შეერქვა სოფელს გოჭკადირი ანუ გაჭედილი.
სოფელ გაჭედილის კანიონი მდინარე აბაშაზე მდებარეობს. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია.
იქ ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები, რითაც ის მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა, რომლის ტერიტორიაზეც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ერთად დიდი რაოდენობთაა წარმოდგენილი. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკის დროს გაკეთდა... სოფელ გაჭედილის კანიონი 2010 წლის 4 ოქტომბერს ნაკრძალად გამოცხადდა. მოგვიანებით, კანიონის ზოგიერთ მღვიმეში უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალია აღმოჩენილი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც.
როგორც ამბობენ, სამეგრელოს მთავრები – დადიანები ამ ლამაზ ადგილებს საბანაოდ და საქეიფოდ იყენებდნენ. ეკატერინე ჭავჭავაძეც თურმე იქ ბანაობდა და ამიტომ იქაურობას დადიანების საბანაო ადგილსაც უწოდებენ. სწორედ იქ აღმოჩნდა დინოზავრების ნაკვალევიც.
ოკაცეს კანიონი
იხილეთ გალერეა
ნახე უფრო მეტი | ოკაცეს კანიონი: ფოტორეპორტაჟი ბუნების ძეგლიდან
ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორდის მიდამოებშია, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარებს. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3-6 მეტრი, ზოგან - 15-20, სიღრმე 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონზე რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის "ოსხაპოს" სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული. კანიონს აქვს მღვიმეები, საიდანაც კარსტული წყლები მოედინება.
კანიონის ნაპირზე იზრდება მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული. სოფლიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ბილიკი ეშვება მისი ფსკერისაკენ. აქ კანიონის სიგანე და ქვახიდი 4 მეტრს არ აღემატება.
კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული, ის ჯერჯერიბით შეუსწავლელია. გეოლოგებმა იქ აღმოაჩინეს და რუკაზე დაიტანეს ტექტონიკური ნასხლეტი, დედამიწის ქერქის განარღვევი ნაპრალი...
თქვენი არ ვიცი და, ამ ზაფხულს ამ საოცრებების დათვალიერებას ნამდვილად ვგეგმავ.
მოამზადა ლალი ფაციამ AMBEBI.GE-სთვის.