თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროს მენეჯერი მთავრობას მხარის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას სთხოვს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „კომერსანტის“ საშუალებით სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებას კონკრეტული კურორტის მეტი პოპულარიზაციისკენ მოუწოდებენ. თუმცა ამ მიმართულებით მთავრობის პოლიტიკის დადებით შედეგებსაც აღნიშნავენ.
სოფელ დართლოში, 3 წლის წინ გახსნილ სასტუმრო „დართლო ჰაუსში" ამბობენ, რომ თუშეთი წლების განმავლობაში მივიწყებული იყო, თუმცა უკვე მიმდინარე წლისთვის იმდენად პოპულარული გახდა, რომ წელს ადგილობრივები ტურისტების გაორმაგებულ რაოდენობას ელოდებიან.
„არ ვიცი ვისი მუშაობის შედეგია ეს, მთავრობის, ტურ-ოპერატორების თუ ვისი, მაგრამ ფაქტია,თუშეთით ახლა ბევრად მეტი ხალხი ინტერესდება, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო. მიუხედავად ამისა, კარგი იქნება, თუ რეგიონს უფრო მეტი რეკლამირება გაუკეთდება,"- აცხადებს „დართლო ჰაუსის" მენეჯერი ლუკა აქიმიძე.
მისი განცხადებით, „დართლო ჰაუსი" უკვე სამი წელია არსებობს, თუმცა, წელს ბევრად უფრო მეტ ტურისტზეა გათვლა. აქიმიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის რეკლამას მხოლოდ სოციალური ქსელ „ფეისბუქით“ აკეთებს, სამომავლოდ, სასტუმროს გაფართოების შემდეგ კი უკვე დაჯავშნის ქსელ booking.com-ზეც განათავსებს.
ლუკა აქიმიძის შეფასებით,თუშეთს, უფრო კონკრეტულად კი დართლოს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. სასტუმროს მენეჯერი გარკვეული სახის პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რეგიონში ყველაზე დიდი პრობლემა გზაა იმიტომ, რომ კახეთიდან სოფელ დართლომდე 70 კილომეტრის, 4 საათიანი, ძალიან დამღლელი გზაა. მგზვრობის ღირებულება კი გზის სიღტულიდან გამომდინარე 250 ლარია. აქიმიძე ამბობს, რომ ტურისტებს ძირითადად დამღლელი გზა და მისი საფასური აფერხებთ ხოლმე. თუმცა, როგორც ის განმარტავს, სახელმწიფო დართლოში მისასვლელი გზის რეაბილიტაციას უკვე ახორციელებს და ეს პრობლემაც სავარაუდოდ მალე მოგვარდება.
„დართლო ჰაუსში" 6 ადგილია. 1 ადამიანის განთავსება დღეში 25 ლარს შეადგენს, საუზმით -40 ლარს, 2-ჯერადი კვებით - 55 ლარს და 3-ჯერადი კვებით - 70 ლარს. სასტუმროში ფუნქციონირებს კაფეც.
აქიმიძე ამბობს, რომ კომპანიის მფლობელობაშია სასტუმროს გვერდზე არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც მომდევნო წლებში კაფის და კემპინგის გაკეთება იგეგმება. დართლოში სეზონი ივნისი-ოქტომბრის პერიოდშია.
აღასნიშნავია, დართლო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია.
შეგახსენებთ, მთავრობამ ერთი თვის წინ ახმეტის, თუშეთის, მესტიის და მულახის განვითარება დააანონსა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს გულისხმობს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას.
„სივრცითი მოწყობა არის ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა. ამ მიმართულებით ჩვენ დღეს ვიწყებთ ახმეტის, თუშეთის, მესტიის და მულახის განვითარების ღონისძიებათა შესახებ გადასადგმელი ნაბიჯების განხილვას და პაკეტის დამტკიცებას. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისების მიზნით, დღეს ვიწყებთ განვითარების და ამ მიმართულებების სივრცითი ტერიტორიული მოწყობის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნას", -განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი : სოფო ქსოვრელი