ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბორჯომის ცენტრალური პარკი სტიქიის შემდეგ - ფოტოკოლაჟი
05 აგვისტო, 2016

 წუხელ ღამით ბორჯომში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საცხოვრებელი სახლები, და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანებულია ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი. სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, ბორჯომში გაემგზავრნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და საქართველოსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
მობილიზებული იყო ასევე საპარტულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები. 
ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, დაზიანებულ ქუჩებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. სამაშველო ოპერაციის შედეგად 40-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომანქანას, რომელშიც ერთი ქალბატონი იმყოფებოდა. დაზარალებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მოსახლეობის დასახმარებლად გასულია შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს 170-ზე მეტ შეტყობინებაზე, რომლებიც ყველა რთულ უბანზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დამატებითი სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ.
ამ დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები ქ. ბორჯომში სტაბილურია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

TV Borjomi


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.