ეკოტურიზმი- ტურიზმის განსაკუთრებული და საინტერესო სახეობაა..
მე-20 საუკუნის ბოლოს სწრაფად მზარდი ურბანიზაციის საპასუხოდ, განსაკუთრებით – განვითარებულ ქვეყნებში, ბუნებაში დასვენებისა და ადამიანის მიერ ჯერ კიდევ ხელშეუხებელ ადგილებში – დაცულ ტერიტორიებზე – მოგზაურობის მიმართ მასობრივი ინტერესი გაჩნდა.
საქართველოს კოლოსალური პოტენციალი გააჩნია ეკოტურიზმის განვითარებისათვის, რადგან მას მრავალფეროვანი ბუნებრივი ზონები, ესთეტიკურად მიმზიდველი ლანდშაფტები, ურბანიზაციისა და გაკულტურების პროცესებისაგან ხელუხლებელი უნიკალური ფლორა და ფაუნა, ქართულ და საერთაშორისო წითელ წიგნში შეყვანილი არც თუ ისე ცოტა რაოდენობის რელიქტური და ენდემური სახეობები, ბუნებრივი ტერიტორიების დაცული და განვითარებული ქსელები გააჩნია. ეკოტურისტებისთვის ქვეყნის განსაკუთრებულ მიმზიდველობას ქმნის ეთნოკულტურის სიმდიდრე, სახალხო დღესასწაულების მრავალფეროვნება, ადათ-წესები, ხელობები, მოსახლეობის ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და თავისებური ქართული სამზარეულო.
რა არის ეკოტურიზმი?
ტერმინი „ეკოტურიზმი” 1983 წლს დამკვიდრდა. ის მექსიკელმა ეკონომისტ-ეკოლოგმა ჰექტორ ცებალოს-ლასკურეინმა ეკოტურიზმის იდეა მეცნიერთა კაბინეტებში ჩაისახა, ხოლო რეალურ ცხოვრებაში ხორცი შეისხა 1960-იანი წლებში. მას სხვადასხვა ორგანიზაციები თავ-თავისი ინტერპრეტაციით განმარტავენ:
„ეკოტურიზმი – ეს არის ტურიზმის სახეობა, რომელიც მიმართულია გარემოს დაცვის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისკენ, ადგილობრივი და აბორიგენი საზოგადოების უფლებების ცნობისა და დაცვისკენ, ტურისტების კულტურული და გარემოსდაცვითი განათლებისკენ”.
„ეკოტურიზმი ტურიზმის სახეობაა, რომელიც მოიცავს მოგზაურობას ისეთ ადგილებში, სადაც შედარებით ხელუხლებელია ბუნება, მათი ბუნებრივი და კულტურულ-ეთნოგრაფიული თავისებურებების გასაცნობად; რომელიც, ამასთან, არ არღვევს ეკოსისტემების მთლიანობას და ქმნის ისეთ ეკოლოგიურ პირობებს, როდესაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა ხელსაყრელი და მოგებიანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის”.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეკოტურიზმი – ეს არის „პასუხისმგებლობით აღსავსე მოგზაურობა ბუნებრივ ზონებსა და რეგიონებში, რომლის დროსაც ხდება გარემოს დაცვა და რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას”.
დღეს ეკოტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიაა. ეკოტურიზმი, საზოგადოდ, ნიშნავს ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ შექმნილი კულტურული მრავალფეროვნების დასათვალიერებლად განხორციელებულ მოგზაურობას მათთვის ზიანის მიუყენებლად.
ეკოტურიზმი – ეს არის მოგზაურობა ტურისტებისა, რომლებსაც გარემოსადმი თავიანთი პასუხისმგებლობა მკაფიოდ აქვთ გაცნობიერებული. ასეთი ტურების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა. ეკოტურიზმს მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ-სოციალური ხასიათის უარყოფითი გავლენის შედეგები, ხელს უწყობს დაცული ტერიტორიებისა და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას
ეკოტურიზმის სახეები
ამჟამად ეკოტურიზმის 4 სახეს გამოყოფენ: სამეცნიერო ტურიზმი,ბუნების ისტორიის ტურები,სათავგადასავლო ტურიზმი და მოგზაურობა ბუნებრივ ნაკრძალებსა და რეზერვაციებში.
სამეცნიერო ტურიზმი
წესისამებრ, ასეთ ტურებში ტურისტულ ობექტებს დაცული ტერიტორიები – ნაკრძალები, ეროვნული პარკები, აღკვეთილები, ბუნების ძეგლები და სხვ. – წარმოადგენს. ასეთი ტურების დროს ტურისტები მონაწილეობენ კვლევით ექსპედიციებში, ატარებენ საველე დაკვირვებებს. ფართოდ არის ცნობილი ამგვარი ეკოტურები ლათინურ ამერიკაში – კრუიზები გალაპაგოსის კუნძულებზე.
ბუნების ისტორიის ტურები
ეს არის სასწავლო, სამეცნიერო და კულტურული ექსკურსიების ერთობლიობა, რომლებიც სპეციალურ ეკოლოგიურ მარშრუტებზე, უფრო ხშირად კი დაცულ ტერიტორიებსა და აკვატორიებში იმართება. ასეთი ტურები მეტად პოპულარულია გერმანიაში, ამიტომაც მას ხშირად ეკოტურიზმის განვითარების გერმანულ მოდელს უწოდებებნ.
სათავგადასავლო ტურიზმი
ამ სახეობაში შეიძლება გავაერთიანოთ ისეთი ტურები, როგორებიცაა: ტურები ცალკეულ რეგიონებში (discovery amp; adventure holidays); ხანმოკლე ტურები ველოსიპედებით (short destinations); ქვეითი მარშრუტები რთულ ადგილებში (walking amp; trekking ); მოგზაურობა ფიზიკური დატვიირთვით (multi activity holidays); მოგზაურობა საცხოვრებლად საგანგებოდ მოწყობილი ავტომობილებით (overland tours). ეკოტურიზმის ეს სახეობა აერთიანებს ყველანაირ მოგზაურობას, რომელიც დაკავშირებულია გადაადგილების აქტიურ საშუალებებსა და ბუნების წიაღში დასვენებასთან. მას ასევე მიეკუთვნება ალპინიზმი, კლდეზე ცოცვა, სპელეოტურიზმი, სამთო და ქვეითი ტურიზმი, წყლის ტურიზმი, სათხილამურო, სამთო-სათხილამური ტურიზმი, საცხენოსნო ტურიზმი, დაივინგი, პარაპლანერიზმი. მრავალი მათგანი არცთუ დიდი ხანია გაჩნდა და ტურიზმის ექსტრემალურ სახეობებს მიეკუთვნება.
მოგზაურობა ბუნებრივ ნაკრძალებსა და რეზერვაციებში
აქ მდებარე უნიკალური და ეგზოტიკური ბუნებრივი ობიექტებისა და მოვლენების მაღალი ატრაქციულობა ბევრ ტურისტს იზიდავს. მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოგზაურობისას ტურისტთა 60%-ის მიზანი სწორედ დაცული ტერიტორიების მონახულებაა. ეკოტურიზმის ეს სახეობა კარგად არის განვითარებული ავსტრალიაშიც, ამიტომ მას ხშირად ეკოტურიზმის განვითარების ავსტრალიურ მოდელსაც უწოდებენ.
ეკოტურიზმი არის ბუნებრივი და კულტურული რესურსების კონსერვაციის მექანიზმი და პერიფერიების მდგრადი განვითარების საშუალება. ეკოტურიზმი იმგვარი მოგზაურობაა, რომელიც მხოლოდ ეკოსისტემების კონსერვაციას კი არ ემსახურება, არამედ, იმავდროულად, პატივს სცემს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.
ეკოტურიზმის ძირითადი პრინციპები
ეკოტურიზმის ძირიტადი პრონციპებია არ მოახდინოს რესურსების დეგრადაცია და გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად განვითარდეს; გრძელვადიანი სარგებლობა მოუტანოს რესურსებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და მრეწველობას (სარგებელი შეიძლება იყოს სამეცნიერო, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური); გაავრცელოს ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მრეწველობასა და ტურისტებში (მოგზაურობის დაწყებამდე, პროცესში და მისი დასრულების შემდეგ); გამოიყენოს რესურსები მიწოდებაზე ორიენტირებული პრინციპით; დაამყაროს პარტნიორობა რამდენიმე მხარესთან: მთავრობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მრეწველობასთან, მეცნიერებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან; თითოეულ მათგანს ჩამოუყალიბოს მორალური და ეთიკური პასუხისმგებლობა და ქცევის ნორმები ბუნებრივი და კულტურული გარემოს მიმართ.
ეკოტურისტის 10 ცნება.
ეკოტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია TIES-მა შეიმუშავა ეკოტურისტის 10 ცნება, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს მუდამ უნდა ახსოვდეს და იცავდეს:
1. გვახსოვდეს დედამიწის დაუცველობა;
2. დავტოვოთ მხოლოდ ნაკვალევი, თან წავიღოთ მხოლოდ ფოტოსურათები;
3. შევიცნოთ სამყარო, რომელშიც მოვხვდით: ხალხთა კულტურა, გეოგრაფია;
4. პატივი ვცეთ ადგილობრივ მოსახლეობას;
5. არ ვიყიდოთ იმ მწარმოებლების პროდუქცია, რომლებიც საფრთხეს უქმნიან გარემოს;
6. ყოველთვის ვიაროთ გაკვალული ბილიკებით;
7. მხარი დავუჭიროთ გარემოსდაცვით პროგრამებს;
8. სადაც შესაძლებელია, გამოვიყენოთ გარემოსდაცვითი მეთოდები;
9. მხარი დავუჭიროთ (ვითანამშრომლოთ) ორაგნიზაციებს, რომლებიც გარემოსდაცვით სფეროში საქმიანობენ;
10. ვიმოგზაუროთ იმ ტურისტულ ფირმებსა და კომპანიებთან ერთად, რომლებიც ემხრობიან ეკოტურიზმის პრინციპებს.
ნათელია, რომ ეკოტურიზმი ტურიზმის განსაკუთრებული სახეობაა, რომ ეს მხოლოდ კარგად ორგანიზებული ტურები კი არ არის, არამედ მოგზაურობაა, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებით, ისე სოციალურ და, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვით პროგრამებს.
ეკოტურიზმის ოთხი მტავარი ქვაკუთხედი
გარემოს დაცვა ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.აქედან გამომდინარე , ეკოტურიზმს ოთხი მთავარი ქვაკუთხედი გააჩნია: განვითარების მდგრადობა, ეკონომიკური სარგებლიანობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ადგილობრივი კულტურის ინტეგრაცია და საგანმანათლებლო კომპონენტი,რომელიც ამ ეტაპზე საქართველოსთვის მისაღები და ძალზედ საჭიროა.რაც შეეხება საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივას, საერთაშორისო ექსპერტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სხვა უპირატესობებთან ერთად ისინი ხაზს უსვამენ ქვეყნის გეოგრაფიულ სიახლოვეს მსოფლიოს მთავარ ტურისტულ ბაზართან – ევროპასთან.
ნათია ფეიქრიშვილი