ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Shalom –გამარჯობა– ქართულ-ებრაული „სულიერების ზეობა“
23 აგვისტო, 2016

ქართველთა და ქართველ ებრაელა 26-საუკუნოვანი თანაცხოვრების,მეგობრობის,ურთიერთპატივისცემისა და ძმობის შესახებ ბევრი რამ თქმულა, დაწერილა და მომავალშიც დაიწერება.

ჩემი მოკრძალებული სურვილია, შევეხო და გავუზიარო ადამიანებს ის ამღლებული განცდა, რაც ამ ორი ერის წარსულ და მომავალ  ურთიერთობებშია ჩადებული.

საქართველოში ებრაელები 26 საუკუნის წინათ  შემოვიდნენ და ბევრი ახალი თვისება შეიძინეს,თანაზიარნი გახდნენ ჩვენი ლამაზი და კეთილი ქვეყნის რთული და ხშირად ტრაგიკული ისტორიული ბედისა.სწორედ ამიტომ ისტორიულ სამშობლოს მოწყვეტილმა ერმა საქართველო საკუთარივით შეიყვარა და მას მეორე სამშობლო  უწოდა. ამ უნიკალური,განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  როლი ითამაშა იმ გარემოებამ,რომ ისინი აქტიურად  ჩაერთვნენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. მათ თან მოიყოლეს ვაჭრობისა და ხელოსნობის მოწინავე ფორმები,რითაც მაშინდელი ქართული საზოგადოების პატივისცემაც დაიმსახურეს. ებრაელები ყურადღებას იპყრობდნენ თავიანთი მონოთეისტური რელიგიით, რომელიც მრევლს კონსოლიდაციის, კაცთმოყვარეობისა და პატიოსნებისკენ მოუწოდებდა. ძველი  აღთქმის  მცნებებს ქართველი საზოგადოება,სხვა ხალხებთან  შედარებით,კარგა ხნითადრე გაეცნო.როგორც ირკვევა, თავდაპირველად ქართული ბიბლია ებრაულიდან ყოფილა  ნათარგმნი. ბიბლია კი კაცობრიობის მთავარი წიგნია,რომლის ცენტრშიც მოქცეულია ადამიანი–თავისი სიხარულითა და მწუხარებით,აღმაფრენითა და დაცემით,სიყვარულითა და სიძულვილით,სიკეთით ამაღლებული,შეშინებული და მაინც იმედიანი.

„ქართული ბიბლია,როგორც ირკვევა,თავდაპირველად ებრაულიდან ყოფილა ნათარგმნი...ის,რომ ქართულ-ებრაული წრეები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ქართველებთან ლიტერატურის დარგში და რომ ქართველ ებრაელებს თავისი წვლილი შეუტანიათ ქართული მწერლობის განვითარების საქმეში,ამის მაჩვენებელია ის ტრადიცია,რომელიც აბიათარსა და,მასთან ერთად,ქართველ ებრაელ ქალს სიდონიას(აბიათარის ასულს) წარმოგვიდგენს პირველ ქართველ ქრისტიან მწერლებად.აბიათარსა და სიდონიას მიეწერებათ მთელი წყება ფსევდოეპიგრაფიკული ტექსტებისა ქრისტიანობის გავრცელების შესახებ საქართველოში“ (მეცნ. პავლე ინგოროყვა).

ებრაელების შემოსვლა საქართველოში

ებრაელების საქართველოში შემოსვლის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები „ქართლის ცხოვრებაში“ გვხვდება.ისებრაელთა საქართველოში შემოსვლას უშუალოდ აკავშირებს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობასა და მოოხრებასთან,ზოგ მკვლევარს კი მიაჩნია,რომ იუდეველნი, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ,ბაბილონიდან  უნდა მოსულიყვნენ საქართველოში,რომლის სამხრეთიც ძვ.წ. 539 წლიდან სპარსეთის უძველესი იმპერიის ფარგლებში იყო მოქცეული.ქართული საისტორიო ტრადიცია უფრო პირველი მოსაზრებისკენ იხრება.

„...ასე გაჩნდა 26 საუკუნის წინათ არაგვის ხეობაში ებრაელთა პირველი დასახლება. ისინი „ერთსულ და ერთხორც“ იყვნენ იმ უბედურ იუდეველთა,სამშობლოწართმეულნი,უტაძროდ და უწინასწარმეტყველოდ დარჩენილნი რომ ჩამოსხდენ ევფრატთან– მდინარეზე ბაბილონსა, და მწარედ ატირდნენ იავარქმნილი იერუსალიმის შემზარავ ხილვათა მოგონებით.ეს შემაძრწუნებელი ხილვანი და მწარე ტკივილი სამშობლოს დაკარგვისა არასოდეს წაშლილა ებრაელთა სულში,მათ შორის – ქართველ იუდეველთა ხსოვნაში“.

 ქართველისა და ებრაელის ერთმანეთისგან განუყოფლობის მაჩვენებელი იყო და არის ტერმინი „ჰურიანი ქართველნი“/„ქართველი ებრაელები“/. ის ქართული ენის ლექსიკაში IV-XI საუკუნეებში უნდა გაჩენილიყო.მათთვის საქართველო მეორე სამშობლო გახდა და ოცდაექვსი საუკუნეა,ქართლოსიანთა მიწაზეც ყოველ დღეცისმარე ისმის მათი შეძახილი: „შემაყ,ისრაელ!ადონაი ელოჰენუ,ადონაი ეხად!“ –„ისმინე,ისრაელ, ერთია უფალი,უფალი ერთი ღმერთი!“

ორი ერის სიყვარულსადა მეგობრობაზე

ქართველ ებრაელებს განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსადმი,ქართული კულტურისა და ტრადიციებისადმი.აფასებდნენ და ისწავლეს ქართული ენა.ღრმა ცოდნასა და ინტერესს იჩენდნენ ქართული მწერლობისა და ლიტერატურის მიმართ.სწორედ ამიტომაც მოიპოვეს მათ ქართველი ხალხის მეგობრობა და სიყვარული.  ჩვენი ხალხი მათ გამორჩეულად,პატივისცემით ექცეოდა,რითაც მსოფლიო ხალხების გაოცებასიწვევდა, ებრაელ ერში კი – ქართველების მიმართ მადლიერებისა და ურთიერთთანადგომის გრძნობას.ამ ორი ერის სიყვარულსა და მეგობრულ დამოკიდებულებას ისტორიული ფაქტებიცადასტურებს.ამის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მაგალითია 1913 წელს ფრანკფურტში,ებრაულ მსოფლიო კონგრესზე საქართველოდან ჩასული რაბინის,დავით ბააზოვის მიერ წარმოთქმული სიტყვა(ამონაწერი კორესპონდენციიდან,რომელიც საქართველოში, გაზეთ „სამშობლოში“ დაიბეჭდა 1914 წელს):

„შარშან ფრანკფურტში გამართულ კონფერენციაზე,როცა კრების თავმჯდომარემ, გენერალმა ლიმფონმა(საფრანგეთი) სიტყვა მისცა საქართველოდან ჩამოსულ რაბინს,დავით ბააზოვს,ასე წარადგინა იგი ბიბლიურ ენაზე: „ძმებო,თქვენ წინაშე დგას თქვენი ძმა შორეული ქვეყნიდან მოსული.ეს ქვეყანა შორს არის ჩვენგან,მაგრამ იგი ახლოს უნდა იყოს ყველა ებრაელის გულში(კონფერენცია დიდი აღტაცებით წამოდგა ფეხზე.სიჩუმე ჩამოვარდა).ევროპა დღეს ცდილობს ადამიანის სიყვარულის განხორციელებას.ეს კი ქართველ ერს ორი ათასი წლის წინათ ჰქონდა შეთვისებული.ამის მოწმეა მცხეთის ქალაქი და მისი პრეზიდენტი(მამასახლისი),რომელიც იერუსალიმიდან გამოსულ ებრაელებს პურ-მარილით დახვდა.აქ ისტუმრა ძმურად დღევანდლამდე.თუმცა ბევრი ცვლილება მოხდა ამ მშვენიერ ქვეყანაში,მაგრამ თავისი იდეალი ადამიანის სიყვარულისა და ძმური განწყობისა მათში შეუცვლელია.

ქართველ ერს ამაყად შეუძლია თქვას: „ჩვენ გვყავდა მეფეები,სამღვდელოება,მწერლობა,მაგრამ სხვა ერების დევნა ფიქრადაც არ მოგვსვლიაო,ევროპის ძალებით დაქცეულ სისხლში ჩვენი ხელი არ გასვრილაო“.აი,ასეთია ქართველი ერი,საიდანაც ჩვენი სტუმარიაო“... კრებამ საშინელი ტაშისცემა ატეხა და ხმამაღლა გაიძახოდა: „გაუმარჯოს ქართველ ხალხს“, „სიცოცხლე და ბედნიერება ქართველ ხალხს“... ბევრის თვალზე ცრემლიცკი გამოჩნდა.გენერალმა თავისი სიტყვა ასე დაასრულა: „შვილებო,თქვენ ანდერძად გქონდეთ,ვისაც რით შეგეძლოთ,იმით გამოხატეთ სიყვარული ქართველი ერისა“.

და დღემდე სრულდება ანდერძად დატოვებული ეს სიტყვები.ქართველი ებრაელები დღემდე ცდილობენ, რითიც შეუძლიათ, გამოხატონ და დაუმტკიცონ ქართველ ხალხს თავისი სიყვარული და თანადგომა.

ალიაებრაელთა დაბრუნება ისრაელში

2600 წელი იცხოვრეს ებრაელებმა ქართულ მიწაზე.ამ წლების განმავლობაში ებრაელებმა არ დაკარგეს ერთიანობის,იდენტობის შეგრძნება.ემიგრაციაში ყოფნისას შეინარჩუნეს მამა-პაპათა რელიგია,ენა,ტრადიციები და რწმენა სამშობლოში დაბრუნებისა.რაბინები–სჯულის მქადაგებელნი ყოველთვის ასწავლიდნენ მოძმეებს, სადაა  ებრაელთა ნამდვილი სამშობლო,ამიტომ მათში არასდროს განელებულა იქ დაბრუნების წყურვილი.

სამოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიწყეს ებრაელებმა აღთქმულ მიწაზე,ისრაელში დაბრუნება.

დაიძრა  სამშობლოს დანატრებული ხალხი უფლის ქალაქისკენ.თუმცა ებრაელთა მხოლოდ ერთი მესამედი– ორმოცდაორათასამდე ადამიანი აღმოჩნდა მზად სამშობლოში  დასაბრუნებლად.

საქართველოდან წასულ ებრაელებს კი ახლა სრულიად ახალი გრძნობა გაუჩნდათ–ეს იყო ძლიერი ნოსტალგია ქვეყნისა,რომელმაც ეს ერი შეისისხლხორცა,უმეგობრა,უერთგულა და შეიყვარა.შორს წასულებმა პატარა საქართველოსა  და ქართველების  მონატრება იგრძნეს.ვერ მოსწყდნენ ქვეყანას, სადაც მათ ორი ძალიან მთავარი რამ დარჩათ– საქართველოში გადგმული ფესვები და ხალხის ძლიერი სიყვარული.სწორედ ამიტომ ამ ორი ერის პატივისცემა, სიყვარული და მეგობრობა წლებთან ერთად იზრდება და ღრმავდება... დღესაც ბევრი იწერება და ბევრი საუბრობს ამ ორი დიდი ერის   მეგობრობის ზეიმზე.დაბოლოს, მინდა ჩემი მოკრძალებული სტატია ჯანსუღ ჩარკვიანის წერილიდან ამონარიდით დავამთავრო,რომელიც 25 წლის წინათ დაიბეჭდაგაზეთ„ლიტერატურულ საქართველოში“:

ვინ ხართ ეს ქართველები,რა ხალხი ხართ,ამერიკული ყაიდით ცხოვრობთო? ჩვენ ვუთხარით,რომ ამერიკული ყაიდით კი არა,ქართული წესითა და რიგით ვცხოვრობთ,ჩვენი ყაიდითა და ჩვენი ტრადიციით ვცხოვრობთ.

აბა,ებრაელები რამ შეგაყვარათ,ასე?ისევ შეგვეკითხა...

ჩვენ, ცოტა არ იყოს,დავიბენით,ბოლომდე ვერ მივხვდით საქმის ვითარებას,საიდან უვლიდა,ვერც იმას მივხვდით.

ებრაელები რა შუაშია?ვკითხეთ ჩვენ.

იმ შუაშია,რომ თქვენი რესპუბლიკა ერთადერთია,თურმე, სადაც ებრაელები ლაღად და თავისუფლად ცხოვრობდნენ.ასე მითხრა ნიუ-იორკში ერთმა ჩემმა ნაცნობმა,გვარად პარლაგაშვილმა,იგი თქვენებური ებრაელია და როცა საქართველოს იგონებს, ცრემლებით  ევსება თვალები,ხოლო ისრაელში წასული თქვენი ებრაელები,თურმე ასე ამბობენ: „სამშობლოში კი მივდიოდით,მაგრამ თურმე სამშობლოდან მოვდიოდითო“.

ასე რომ,მინდა,სამშობლოში წასულ ყველა ქართველ ებრაელს მივმართო,თქვენი სამშობლო,საქართველო,აქ ყოველთვის გელოდებათ...და თქვენი მეგობარი ქართველები მზად არიან,ნებისმიერ დროს დიდი სიყვარულითა და მონატრებით შემოგეგებონ.

დაიხ,„ხის სიმაღლე მიწიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან“.

 

სტატიაში გამოყენებულია ამონარიდები ოთარ სეფიაშვილის წიგნიდან „ხსოვნა“.

 

 


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.