ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აბრების ნაკლებობა საქართველოში ტურისტებს პრობლემებს უქმნის – ვარძიის მაგალითი
29 აგვისტო, 2016

საქართველოს ტურისტულ მარშრუტებზე ტურისტული ობიექტების მანიშნებელი აბრების ნაკლებობაა – ეს "დეტალი" კი ტურისტებს – როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივ მოგზაურებს – სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

ამ მხრივ ბოლო წლებში სიტუაცია გამოსწორდა, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებისკენ მიმავალ გზებზე არანაირი მინიშნება არაა გაკეთებული.

ასეთ ობიექტებს შორისაა ვარძია, რომელიც საქართველოს ერთერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლად ითვლება, თუმცა მისკენ მიმავალ გზაზე ერთ წარწერასაც ვერ ნახავთ, რომელიც ამ უნიკალური ძეგლის ადგილმდებარეობას მიგანიშნებთ. ეს პრობლემაა არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ტურისტებისთვისაც, რომელთაც ვარძიამდე მისვლა გამვლელების დახმარებით უწევთ. შედეგად, ისინი უამრავ დროს კარგავენ და დისკომფორტს განიცდიან.

ხერთვისის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დღის განმავლობაში მათთან არაერთი მანქანა ჩერდება, რომელთა მძღოლებიც  ვარძიისკენ მიმავალ გზას კითხულობენ.  როგორც ხერთვისელები ამბობენ, მათგან ბევრი, ახალქალაქიდან მობრუნებული მგზავრები არიან, რომლებმაც ეს გზა მხოლოდ იმის გამო გაიარეს, რომ მასზე შესაბამისი აბრები არ დგას და შეცდომით ახალქალაქში მოხვდნენ.

ბოლო წლებში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ვიზიტორების დაინტერესების ერთერთ მთავარ ობიექტს კი სწორედ ისტორიული ძეგლები წარმოადგენს. ამ ფონზე სრულიად გაურკვეველია, რატომ დგას აბრების განთავსების პრობლემა – ეს „ფუფუნება“ არც დიდ თანხებთან და არც რთულ სამუშაოებთან არ არის დაკავშირებული. 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.