მესტიის საერთაშორისო აეროპორტში ინტერიერისა და ექსტერიერის განახლების სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
სამუშაოები ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.
ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მკაცრი კლიმატური პირობების გამო, მესტიის აეროპორტს საკმაოდ რთულ საექსპლუატაციო პირობებში უწევს ოპერირება. 2010 წელს, აეროპორტის მშენებლობის დროს, შეზღუდული ბიუჯეტისა და ვადების გამო, სათანადოდ ვერ განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და წლების განმავლობაში მიმდინარე შეკეთებების მიუხედავად, პრაქტიკულად, გასულ წელს დადგა ტერმინალის განახლების აუცილებლობა.
აეროპორტის ინფრასტრუქტურის სრულყოფისა და განახლების მიზნით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ წელს დაიგეგმა და განხორციელა კომპლექსური სამუშაოები: აეროპორტის მთლიან პერიმეტრზე მოეწყო შემოვლითი გზა ტერიტორიის უკეთ პატრულირებისთვის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განახლდა აეროპორტის მთლიანი შემოღობვა, კაპიტალურად გარემონტდა აეროპორტის ტერმინალის შენობის მთლიანი მინის ფასადი, ტერმინალში დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების ახალი, გაუმჯობესებული სისტემა და ა.შ.
ამჟამად მიმდინარეობს აეროპორტის ტერმინალის შიდა ინტერიერის განახლების სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
