იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო
Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ
გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად ზესტაფონში მდებარე სოფელ შროშის კარსტულ მღვიმეზე გიამბობთ.
შროშის კარსტული მღვიმე მდებარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში,სოფელ შროშის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხოლო სოფელ დიდი განთიადის ჩრდილო-აღმოსავლეთით,მდინარე ძირულის ხეობაში, მის მარცხენა მხარეს. მღვიმის შესასვლელის სიმაღლე ზღვის დონიდან 540 მეტრი, მანძილი ქალაქ ზესტაფონიდან 18 კილომეტრი, ხოლო ზესტაფონი-ხაშურის გზატკეცილიდან 5 კმ. მღვიმემდე მიდის ბილიკი.
კარსტული მღვიმე გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება 1 მეტრი სიმაღლისა და 4 მეტრი სიგანის შესასვლელით, რომელიც სამხრეთ-დასავლეთისაკენ არის ორიენტირებული 18 მეტრი სიგრძის დერეფანით. შეასასვლელიდან მე-7 მეტრზე ვიწრო და დაბალი (1X1 მეტრი) დერეფანი, ძირითადი გვირაბის პარალელურ მომდევნო გვირაბს უერთდება და 45 მეტრამდე ვრცელდება.
მღვიმეში ქიმიური ნალექებიდან წარმოდგენილია კალციტის თხელი ქერქი, გამოფიტული ნაღვენთი ფორმები, თიხის გამომშრალი თხელი ნაფენები. მღვიმე არის სტატიური. ჰაერის ტემპერატურა მღვიმეში დაახლოებით + 13 გრადუსია. მაქსიმალური სიგრძე არის 70 მეტრი, მაქსიმალური სიგანე 4 მეტრი, მინიმალური სიგანე 0,30 მ, მაქსიმალური სიმაღლე 5 მეტრს აღწევს, ხოლო მინიმალური სიმაღლე 0,3 მეტრია, მღვიმის ფსკერის ფართობი 112 კვადრატული მეტრია, საერთო მოცულობა 224 კუბურ მეტრს შეადგენს.
კარსტული მღვიმე მშრალია, ბინადრობენ ობობები, რგოლოვანი ჭიები. მღვიმის გასავლელად რამდენიმე ადგილას საჭიროა გადაძრომა. შდგენილია გეგმა და გასწვრივი ჭრილი. მღვიმე აღმოჩენილი და გამოკვლეულია ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპლეოექსპედიციის (კუკური წიქარიშვილი, ვახტანგ კაპანაძე, ამირან ჯამრიშვილი) მიერ 1986 წელს.
შროშის კარსტული მღვიმე არის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აქამდე შესწავლილ ბუნებრივ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი კარსტული მღვიმე, სასურველია კარსტული მღვიმის არქეოლოგიური კვლევის ჩატარება, შესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.