ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შეკვეთილში და სპა კომპლექსის მშენებლობაში 80 მლნ-ი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შეკვეთილში და სპა კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ,პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 80 მლნ ამერიკული დოლარია. როგორც ფონდში ამბობენ, პროექტი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია, რომლის ფარგლებში დასრულებულია ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და საჩვენებელი სასტუმრო ნომერი. ამჟამად მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, სასტუმროში იფუნქციონირებს 220 ნომერი ხედით ზღვაზე, 1,600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები, ზამთრის ბაღი და თემატური რესტორნები. ასევე ხელმისაწვდომი იქნება სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები. სასტუმროში განთავსდება ბავშვთა გასართობი ცენტრი, წყლის გიგანტური ტოპოგანი, სპორტული მოედნები, კინოთეატრი და კეთილმოწყობილი სასეირნო ბილიკები.
"მსგავსად ფონდის ყველა პროექტისა, შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსშიც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობას.პროექტის ფარგლებში, Marriott-ის უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო ბრენდის Autograph Collection-ის მიერ უზრუნველყოფილი იქნება მომსახურების უმაღლესი დონე"-აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.
შეგახსენებთ, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაცია 2016 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა გამართეს.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად დააფუძნა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელიც 680 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ახორციელებს 8 მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში. ამ პროექტებიდან სამ კომპლექსში (სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო სოლოლაკი და შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსი) უკვე შემოსულია "მარიოტის" საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი "Autograph Collection".
თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, 8 პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეისთვის მათში ჯამურად ინვესტირებულია 259 მლნ ლარი. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში ჯამურად საქმდება 20 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რიცხვი გაუტოლდება 2 500 ადამიანს.