რომანოვების სასახლე" ტურისტებს 2019 წლიდან მიიღებს. ამის შესახებ ობიექტის მმართველმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „კომერსანტთან" ექსკლუზიურად განაცხადა.
როგორც ცნობილია, მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, ე.წ. „რომანოვების სასახლე" სამართავად, საპარტნიორო ფონდს მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადასცა.
„კომერსანტი" დაინტერესდა, როდისთვის იგეგმება „რომანოვების სასახლის" ტურისტულ ცენტრად გადაქცევა, რა ეტაპზეა პარტნიორებთან და ინვესტორებთან მოლაპარაკება და რა საიხლეს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით?
როგორც საგანელიძე ამბობს, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში კულტურის სამინისტროსთან ერთად ფონდი სარეაბილიტაციო პროექტის პირველ პრეზენტაციას გამართავს. მისი თქმით, სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, ფონდი რა მიმართულებით და რა კონცეფციით აპირებს „რომანოვების სასახლის" და ზოგადად, ლიკანის ტერიტორიის რესტავრირებას.
საგანელიძის განცხადებით, პრეზენტაციის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე, დადგინდება ბიუჯეტი, უშუალოდ რესტავრაციის პროცესი კი 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
„აღსადგენია აუზები, შადრევნები, კიბეები, გალავანი. ძალიან ბევრი ქანდაკება დაკარგულია, ზოგიც სხვადასხვა მუზეუმშია გაბნეული. თვითონ შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, ობიექტის აღდგენაში ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო რესტავრატორები უნდა ჩავრთოთ"-აცხადებს საგანელიძე.
მისი თქმით, პროექტში მონაწილეობაზე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან დაინტერსებული. საგანელიძე ამბობს, რომ ეს ორგანიზაციები შესაძლოა, დაფინანსებაშიც იყვნენ ჩართულნი.
„ყოფილი სამთავრობო რეზიდენციისა და 7 ჰა მიწის ფართზე არსებული პარკის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს. პროექტზე ამ დროისთვის დარგის სპეციალისტები მუშაობენ. რომანოვების სასახლის რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი და შენარჩუნდება მისი ავთენტურობა. სასახლეში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსდება კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე რესტავრირებული ნივთები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და კულტურული ფასეულობები. „რომანოვების სასახლე საქართველოში უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება, რაც სასტუმრო კომპლექს „რიქსოს ბორჯომის" საერთშორისო მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზდის. აღდგენილი რომანოვების სასახლე რეგიონში უამრავ ტურისტს მოიზიდავს."-აცხადებს საგანელიძე.
ცნობილია, რომ რეზიდენცია 2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა, მაგრამ მოგვიანებით ის გასაყიდი ობიექტების სიიდან ამოიღეს. 2005 წლიდან რომანოვების სასახლეს საზაფხულო რეზიდენციად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყენებდა.
ასევე ცნობილია, რომ საპარტნიორო ფონდი „ყაზმუნაი გაზთან" იმავე ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიან „რიქსოსის" სასტუმროს ფლობს. საპარტნიორო ფონდს ობიექტი 25-წლიანი მართვის უფლებით გადაეცა.