ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზა 4-5 თვეში ამოქმედდება
21 ოქტომბერი, 2016

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე რკინიგზის მისვლას პროექტს აეროპორტების გაერთიანებაში პერსპექტიულად აფასებენ  და აცხადებენ, რომ მგზავრებისთვის ეს მომსახურება ძალიან მოსახერხებელი და მისაღები იქნება.

როგორც „კომერსანტს" აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილემ აეროპორტების ოპერირების დარგში, გიორგი მოლოდინაშვილმა განუცხადა, საქართველოს რკინიგზამ ეს გადაწყვეტილება მათთან აქტიურად მოლაპარაკებების შედეგად მიიღო.

მისი განცხადებით, თბილისიდან ქუთაისში მატარებლით ჩასულ მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად სამტრედიიდან ან ქუთაისის ცენტრიდან დამატებითი ტრანსპორტის გამოყენება სჭირდებოდათ.

„მისასალმებელია, რომ საქართველოს რკინიგზამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და ეს პროექტი განხორციელდება. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ რკინიგზის მომსახურებით საზოგადოების დიდი ნაწილი ისარგებლებს. მგზავრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გადაადგილდება აეროპორტის მიმართულებით.  თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე პირდაპირ მატარებლის დანიშვნა იქნება ძალიან მოსახერხებელი და მისაღები მგზავრებისათვის" - აცხადებს მოლოდინაშვილი.

მისი ინფორმაციით, მშენებლობის პროცესს დაახლოებით 4-5 თვე დასჭირდება და რკინიგზა მუშაობას სავარაუდოდ გაზაფხულისთვის დაიწყებს.

საქართველოს რკინიგზაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაცი ცაგურია აცხადებს, რომ თბილისის აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზისგან განსხვავებით, ქუთაისის შემთხვევაში ეს პროექტი აუცილებლად გაამართლებს.

„თბილისის აეროპორტამდე მისასვლელმა რკინიგზამ არ გაამართლა და ვერც გაამართლებდა - თბილისის აეროპორტის მგზავრი რომ ჩამოფრინდება, ქალაქის ნებისმიერ წერტილში მისვლა ტაქსით ოც ლარად შეუძლია და ამას მატარებელი კონკურენციას ვერ უწევს, მეტრო რომ იყოს და სადგურის მოედნის მაგივრად ახლო მანძილებზე დადიოდეს, სხვა იქნებოდა" - განმარტავს ცაგურია.

მისივე თქმით, თბილისის აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის პროექტი არავის შეუსწავლია და ყოველგვარი კვლევის გარეშე განხორციელდა. „ეს რკინიგზა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, აეროპორტი რომ გახსნეს, მაშინ. სამ თვეში თქვეს, აქ რკინიგზის სადგური იყოსო და გააკეთეს. ყოველგვარი კვლევის გარეშეა გაკეთებული და ნაჩქარევადაა გადაწყვეტილება მიღებული, თორემ ამის აუცილებლობა არცერთ შემთხვევაში არ იდგა. გვაქვს მცდელობა რომ ვამუშაოთ თუმცა, პრაქტიკულად, აეროპორტის არცერთი მგზავრი არ სარგებლობს ამ რკინიგზით" - აცხადებს ცაგურია.

ავტორ(ებ)ი : მარიამ გეგეჭკორი

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.