რით არის გამორჩეული თქვენი სასტუმრო?
სასტუმრო „ციტრუსი,“2015 წლის 24 აპრილს, ქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის უკან მდებარე ახალაშენებულ შენობაში გაიხსნა.. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ციტრუსი“ ახალი სიტყვაა ქართულ სტუმართ-მარსპინძლობის ბიზნესში. იგი ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, არაბრენდული 4*-იანი ბიზნეს სასტუმროა, სტანდარტული ინტერიერითა და მომსახურებით. 5 კატეგორიის ოთახებს შორის არის ოთახი შშმ პირებისთვის. სასტუმრო სრულად ადაპტირებულია, რაც მას განსაკუთრებულად სტანდარტულის ელფერს სძენს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სასტუმროს მართავს მსოფლიო დონის ჰოტელიერი, შალვა ალავერდაშვილი, რაც, თავის მხრივ, მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფის გარანტია. მსოფლიო კარგად იცნობს ისეთ გიგანტ ბრენდებს, როგორიცაა, „გრანატი“ და „მანდარინი“. სწრაფვა სრულყოფილი, მაღალი სტანდარტების მომსახურებისადმი - აი ესაა „ციტრუსის“ მენეჯმენტისა და თანამშრომლების გამორჩეული მისწრაფება.„ციტრუსს“ აქვს სამი საკონფერენციო დარბაზი და მიუხედავად პატარა ასაკისა, უკვე მასპინძლობს საკმაოდ სოლიდურ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებს. რა თქმა უნდა, გვაქვს სამომავლო გეგმები და ისინი უფრო მეტად სრულყოფას უკავშირდება.
სასტუმრო გამორჩეულია იმითაც,რომ ყველაზე დაცულ ადგილას მდებარეობს. ის გარშემორტყმულია პარლამენის შენობით, სამინისტროებითა და საკონსულოთი. გარე პერიმეტრის დაცვის ხარისხი, არამც თუ შეესაბამება, არამედ აჭარბებს კიდეც სტანდარტული სასტუმროს მოთხოვნებს. აქ ყველა სტუმარს აქვს დაცულობის შეგრძნება. შიდა უსაფრთხოებისა და დაცვის სისტემები, კვალიფიციური გადამზადებული დაცვის თანამშრომლები, კიდევ უფრო ხაზს უსვამს ამ ყოველივეს. ჩვენთან , სასტუმროში სტუმარს მხოლოდ დაცულობის შეგრძნება კი არა, სიმშვიდის შეგრძნებაც აქვს. ამიტომ არის ჩვენი სლოგანი: „სიმშვიდე მხოლოდ სულიერი მდგომარეობა როდია, მას ჩვენ ვქმნით თქვენთვის“... ეს ფრაზა“ციტრუსის“ პირველმა სტუმარმა, თავისი დახვეწილი ბრიტანულით, ასე გადმოსცა: "Peace of mind may come from within hotel Citrus surroundings will soothe you from without!" (author Mr. John Lipton). ვერავინ იტყოდა ამაზე უკეთ... ვერავინ შეგვაფასებს იმაზე მეტად და კომპეტენტურად, ვიდრე სტუმრები, ამიტომ ჩვენი მომავალი გეგმები უკავშირდება სრულყოფას, სტუმრების მოლოდინების გამართლებასა და განვითარებას.
როგორია თქვენი მიღწევები,რეიტინგი?
სასტუმროს არსებობის წელიწადნახევრის ისტორიაში ჯერ-ჯერობით მიღებული ჯილდოებიდან, მხოლოდ მომხმარებელთა შეფასებები შეგვიძლია დავასახელოთ. ისეთ ონლაინ გაყიდვების საიტზე, როგორიცაა Booking.com, სასტუმროს რეიტინგი, 400-მდე გამოხმაურების მიუხედავად, მყარად 9.0-ია. დაგვეთანხმებით, რომ საქართველოს მასშტაბით ძნელად მოიძებნება მსგავსი რაოდენობის გამოხმაურებით მსგავსი შეფასება. წელს პირველად წარვდექით ნომინაციაში და გვჯერა, რომ ვიმსახურებთ „საუკეთესო სტანდარტული განთავსების ობიექტის“ წოდებას.
რა პრობლემებს ხედავთ ტურიზმის სფეროში?
ტურიზმის სფეროში პირველი მოსაწესრიგებელი პრობლემა სწორედ სტანდარტებია. სტანდარტული მომსახურება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იციან მხოლოდ ერთეულებმა, რომლებმაც გამოცდილება მიიღეს მსოფლიო ბრენდებში საზღვარგარეთ. ამიტომ რთულია ვისაუბროთ სტანდარტებზე, როდესაც ისინი არ გვაქვს. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, განსაკუთრებით სეზონურ კურორტებზე არსებულ სასტუმროებში, საგადასახადო შეღავათებია. ამ თვალსაზრისითაც გადასადგმელია მრავალი ქმედითი ნაბიჯი და ვფიქრობთ, გასაზიარებელია მეზობელი თურქეთის, ასევე ბულგარეთის, საფრანგეთისა და შვეიცარიის გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმს უდიდესი ყურადღება ეთმობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სექტორებიდან, მაინც გადაულახავი რჩება ამ სფეროში მომუშავე ადამიანების სუბიექტური ბარიერები. მაგალითად, დღემდე, უმრავლესობას, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში ტურიზმის სპეციალობას იღებს, არ სურს თავისი პროფესიული კარიერა ჭურჭლის მრეცხავიდან ან დამლაგებლიდან დაიწყოს. არადა, როგორც ამბობენ, - სწორედ დამლაგებლები არიან ხოლმე სამომავლოდ საუკეთესო გენერალური მენეჯერები. ჩვენი ქვეყნის კულტურა და სუბკულტურები ძალიან მგრძნობიარეა სერვისის სფეროს მიმართ. ზოგჯერ მომსახურებას საამაყოდ კი არა, სამარცხვინოდაც თვლიან. ეს ალბათ ტიპური, ქართული ფენომენია, რომელიც, მართალია, დაძლევადია, მაგრამ - რთულად. მსოფლიოში მიმდინარეობს ბაზრების გადანაწილება, რომელთაც საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს და თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე. ჩვენი უნიკალურობა ზოგჯერ საოცრად სტუმართმოყვარედ წარმოგვაჩენს, ზოგჯერ კი მომსახურების დაბალ დონეს განაპირობებს. ამიტომ „ციტრუსი“ აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ტარდება სტაჟირებები, ტრეინინგები, ლექციები. ვზრუნავთ ჩვენი სასტუმროს, ტურიზმის სფეროსა და თითოეული ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანის ცნობიერების ამაღლებაზე.
რას ფიქრობთ Welcome To Georgia - ეროვნული დაჯილდოების შესახებ?
გვიხარია, რომ ამგვარი დაჯილდოებები არსებობს, ჟიურის კომპეტენტური წევრები სათანადოდ აფასებენ კომპანიების წარმატებულობას და ეს შარშანდელი დაჯილდოებითაც დამტკიცდა - გაიმარჯვეს ღირსეულებმა, თუმცა წარმოდგენილი იყო საუკეთესო ნომინანტები. საუკეთესოთა შორის საუკეთესოების ჯილდოა. გვიხარია, რომ არსებობთ და ვმონაწილეობთ.
როგორ შეაჯამებდით 2016 წლის ტურისტულ სეზონს?
ზაფხულის სეზონმა მოლოდინს გადააჭარბა და აშკარად შეინიშნებოდა ვიზიტორთა მატება ქვეყანაში.