თელავის ინტურისტის შენობაში საერთაშორისო ბრენდის Golden Tulip-ის სასტუმრო გაიხსნება. სასტუმრო მომავალი წლის შემოდგომაზე უნდა ამუშავდეს.
"ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას სასტუმროს მფლობელი სს "კახეთის" წარმომადგენელი ზურაბ მეფარიძე აცხადებს, რომ სასტუმრო 4- ვარსკვლავიანი და 101 ნომრიანი იქნება.
კახეთის "ინტურისტში" ფასადის მოპირკეთების სამუშაოები უკვე დასრულებულია, ახლა კი შიდა დიზაინის პროექტირების ეტაპი მიმდინარეობს.
"ჩატარებული გვაქვს მარკეტინგული კვლევა, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიულმა კომპანიამ ჩაატარა. მათ დაადასტურეს, რომ პირველ რიგში, რეგიონში მოთხოვნა არის ბრენდულ და დიდ სასტუმროზე, სადაც შესაძლებელი იქნება, მინიმუმ ორი ჯგუფის მიღება, ვგულისხმობ დიდ ჯგუფებს - 40-45 კაციანს.
ძალიან ხშირად ამ რაოდენობის ნომრების არარსებობის გამო ტურები კახეთში არის ერთდღიანი. დილით მიჰყავთ ტურისტები და შემდეგ აბრუნებენ უკან. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნა არსებობს ბაზარზე",- აცხადებს ზურაბ მეფარიძე.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
კატეგორია: ბიზნესი