ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ეღირება ფრენები თუშეთში, რომლის მშენებლობა 10 მილიონი დაჯდება
01 ნოემბერი, 2016

ომალოში აეროდრომის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება და 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამის შესახებ განცხადება „კომერსანტთან" საუბრისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აეროპორტების გაერთიანება აეროდრომის საპროექტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიიის გამოსავლენად ტენდერს დღეს გამოაცხადებს. ალექსიძის განმარტებით, ტენდერის შედეგები 1 კვირაში გახდება ცნობილი და ამის შემდეგ უკვე პროექტანტი დაიწყებს მუშაობას.

 

 

როგორც ალექსიძე ამბობს, ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში აეროდრომის მშენებლობას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დააფინანსებს. რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, ალექსიძე განმარტავს,რომ აეროდრომის გახსნის კონკრეტული თარიღი მას შემდეგ დაკონკრეტდება, რაც დასრულდება პროექტიება. „ამ დროისთვის რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ომალოში აეროდრომი 2017 წელს გაიხსნება" - აცახდებს ალექსიძე.

 


მთავრობის ინიციტაივას ახმეტის რაიონში აეროდრომთან დაკავშირებით მიესალმება ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური. მისი განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა ამას წლების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. როგორც ბაიდაური ამბობს, თუშეთში საკმაოდ რთულია ავტომანქანით გადაადგილება, აეროდრომის არსებობა კი ადგილობრივებისთვის ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

ახმეტის გამგებელი ამბობს, რომ ომალოში აეროდრომის არსებობა რეგიონში ტურისტების რაოდენობას საკმაოდ გაზრდის.

რა პოტენციალი ექნება მაღალმთიან რეგიონში აეროდრომის მშენებლობას და რეალურად, იმუშავებს თუ არა ეს პროექტი, ამის გარკვევა „კომერსანტმა " ადგილობრივ მოსახლეობასთან სცადა. მათი უმრავლესობა განმარტავს, რომ ომალოში აეროდრომის მშენებლობა კარგია, თუმცა, გააჩნია, მგზავრობაზე რა ტარიფებს დაადგენენ.

„აუცილებელია, აქ აეროდრომი იმიტომ, რომ გადაადგილება ძალიან რთულია. ჯერ ერთი საკმაოდ ცუდი გზებია და თუ ჯიპით არ წახვედი, მსუბუქი ავტომანქანა იქ ვერ ავა. გარდა ამისა, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშრებული. მაგალითად, ახმეტიდან ომალოში ჯიპით ასვლას 250 ლარი უნდა, რაც წარმოუდგენლად ძვირია. მთავრობას ერთ რეკომენდაციას მივცემდი - კარგი იქნება, თუ ფასი დიფერენცირებული იქნება. კერძოდ, ტურისტებისთვის მგზავრობა სხვა ფასში იქნება შესაძლებელი და ადგილობრივებისთვის - სხვა. თუ ხელმისაწვდომ ფასს დაადებენ, აეროდრომი იმუშავებს, გაამართლებს და რეგიონის განვითარებასაც კი შეუწყობს ხელს"-აცხადებს ახმეტის რაიონის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ცნობისთვის: ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში აეროდრომის პროექტირების დაწყება გუშინ ინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე განიხილა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შიდა ავიაციის განვითარება ქვეყნის სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

"ჩვენი მიზანია, საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი, იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა მოსახლეობამ და, რა თქმა უნდა, ტურისტებმა ისარგებლონ. ეს იქნება უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი და მეტი კეთილდღეობა თითოეული ჩვენგანის ოჯახში. ამ შემთხვევაში, ეს, გულისხმობს თუშეთს, რომელიც საქართველოს მარგალიტია თავისი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობით. ასევე, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ ომალოში ასაფრენი ზოლისა და აეროპორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.