ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისური «რიქსოსის» გახსნის თარიღი დეკემბერში გახდება ცნობილი
01 ნოემბერი, 2016

თბილისური „რიქსოსის" გახნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გეგმის მიხედვით 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 2016 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი, თუმცა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში აცხადებენ, რომ ადგილზე მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი და დეკემბერში გახდება ცნობილი, რა სამუშაოები იქნება დარჩენილი გახსნამდე, შესაბამისად,  დაზუსტდება თარიღიც.

სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა , თავდაპირველად მისი გახსნა 2015 წელს იგეგმებოდა, თუმცა ბიზნეს პალატაში მაშინ განაცხადეს, რომ შენობა მუზეუმების უბანში მდებარეობს, რის გამოც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფასადის მასალას,  ამის გამო კი სამშენებლო სამუშაოებმა გაცილებით მეტი დრო მოითხოვა.

შენობა დედაქალაქის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული და ის ბოლო ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებითაა აგებული. ცნობილია, რომ თბილისური „რიქსოსის" ექსკლუზიურ 22-მეტრიან ჭაღს მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია LASVIT დაამზადებს. „რიქსოსის" მისაღებში 22 მეტრი სიმაღლისა და 4 მეტრი დიამეტრის „მშვიდობის ჭაღი" იქნება დამონტაჟებული, რომელიც სიმბოლურად მტრედებითაა გაფორმებული.

LASVIT ჩეხეთში 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მინის უნიკალურ ნაკეთობებზე მუშაობს. თავად „რიქსოსი" მაღალი კლასის თურქული ბრენდია, რომელიც 2000 წელს შეიქმნა. ამჟამად კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 30 სასტუმრო აქვს. „რიქოსის" ბრენდის სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბორჯომში, რომელიც 2015 წლის ბოლოს გაიხსნა.

ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.