მთის კურორტებზე ზამთრის საკურორტო სეზონი დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება. როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიის „ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს ჯერ თარიღი დაზუსტებული არ არის და გადაწყვეტილებას თოვლის საფარიდან გამომდინარე მიიღებენ თუმცა სავარაუდოდ ეს იქნება დეკემბრის პირველი რიცხვები, სეზონის გახსნა კი გოდერძისა და გუდაურის კურორტებიდან დაიწყება.
სანდრო ონოფრიშვილი ამბობს, რომ გასული წლის შემდეგ ყველაზე მეტი განვითარება მოხდა თეთნულდზე , რომელიც წელს უკვე სრულფასოვანი სამთო კურორტი იქნება. მისივე თქმით, გაკეთდა ახალი მიტარბის კურორტი სადაც სამი საბაგირო დამონტაჟდა, ახალი ტრასები შეემატა ბაკურიანს და ყველასათვის საინტერესო და მიმზიდველი გახდა. ონფორიშვილის თქმით, გუდაურში სრულდება ორი პატარა და ერთი დიდი საბაგიროს მშენებლობა,ემატება ახალი ტრასები და კურორტზე განახლებული შესასვლელი იქნება.
რაც შეეხება ხელოვნურ გათოვლიანებას ონოფრიშვილის ინფორმაციით, ხელოვნური გათოვლიანება სავარაუდოდ 20-22 ნოემბრიდან დაიწყება.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს ზამთრის კურორტებზე ტურისტებს აღმოსავლეთ ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ელოდებიან.