ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში «აკორის» ახალი ბრენდის – Ibis Styles–ს სასტუმრო იხსნება
10 ნოემბერი, 2016

დეველოპერული კომპანია „მაქრო კონსტრაქშენი" თბილისში კიდევ ერთ სასტუმროს აშენებს. ირკვევა, რომ ტაბიძის 4 ნომერში „აკორის ჯგუფში" შემავალი ბრენდის Ibis Styles Tbilisi Center-ის სასტუმრო გაიხსნება. სასტუმრო 118 ნომრიანი იქნება და აქვე განთავსდება ლობი, ბარი, რესტორანი და ლაუნჯი. სასტუმროს მშენებლობა უკვე დაწყებულია და მისი დასრულება 2017 წლის მარტშია დაგეგმილი. სასტუმრო 3-4 ვარსკვლავიანი იქნება.

როგორც „კომერსანტს" „მაქრო კონსტრაქშენის" წარმომადგენელმა განუცხადა, ახალი სასტუმრო მათ მფლობელობაში არსებული „მერკურის" სტილში იქნება შექმნილი.

„ჩვენი გადაწყვეტილებით სასტუმრო მარტის თვეში უნდა გაიხსნას. მას შესასვლელი ტაბიძის #4-დან ექნება და 3-4 ვარსკვლავიანი იქნება, დაახლოებით იმ სტილში როგორიც სასტუმრო „მერკურია." - აღნიშნეს „მაქრო კონსტრაქშენში".

„კომერსანტის" ინფორმაციით, სამომავლოდ კომპანია კიდევ ერთი სასტუმროს გახსნას გეგმავს.

Ibis Styles „აკორის ჯგუფში" შემავალი ეკონომ–კლასის სასტუმროების ბრენდია. პირველი სასტუმრო ამ ბრენდის ქვეშ 2012 წელს გაიხსნა, ამჟმად კი მსოფლიოს მასშტაბით 141 სასტუმრო ფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, რომ „მაქრო კონსტრაქშენმა" „აკორის" ჯგუფში შემავალი „მერკურის" ბრენდის სასტუმრო თბილისში მიმდინარე წლის ივლისში გახსნა.სასტუმრო 4 ვარსკვლავიანია და საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.

სასტუმროების გარდა „მაქრო კონსტრაქშენი" თბილისში საცხოვრებელ სახლებსაც აშენებს. კომპანიის მფლობელობაშია კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი", ხოლო ამჟამად დიღომში ახალი საცხოვრებელი პროექტი „გრინ დაიმონდი" შენდება.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.