კურორტ « ბახმაროს » განვითარება დაიწყო – გერმანელი ინვესტორები ბახმაროში ერთ კვირაში ჩავლენ
პრემიერის განცხადებიდან 8 თვის შემდეგ კურორტ „ბახმაროს" განვითარება დაიწყო. როგორც ცნობილია, მთავრობამ კურორტ „ბახმაროს" განვითარება პრიორიტეტად მიმდინარე წლის მარტში დაასახელა. მაშინ ითქვა, რომ შეიქმნებოდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც კურორტის განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავდა მიზნად. იმავე პერიოდში გურიის გუბერნატორი აცხადებდა, რომ კურორტის განვითარებას გერმანელი ინვესტორი გეგმავს.
„კომერსანტი" დაინტერესდა, რა მდგომარეობაა კურორტზე და პრემიერის განცხადებიდან 8 თვის შემდეგ და რამდენად რეალური აღმოჩნდა გერმანელი ბიზნესმენის კურორტით დაინტერესება?
დღეს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ამბობს, რომ კურორტით ბიზნესმენი ინგუ შლუტიერი და მისი ბიზნეს ჯგუფია დაინტერესებული, რომლებიც „ბახმაროში" მომავალ კვირაში ჩავლენ და რამდენიმე თვე დარჩებიან. მისი ინფორმაციით, გერმანელ ბიზნესმენთა 60 კაციანი ჯგუფი იჯარით აიღებს რამდენიმე კოტეჯს, სადაც ზამთრის პერიოდში განთავსდებიან და გაზაფხულამდე დააკვირდებიან ბუნებას, კლიმატს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას კურორტში ინვესტირებისა და მისი განვითარების შესახებ. მისი თქმით, გერმანელი ინვესტორები ბახმაროს ბოლო თვეეების განმავლობაში რამდენჯერმე სტუმრობდნენ. ბოლოს ჯგუფის ვიზიტი 26 ოქტომბერს შედგა. გუბერნატორი ამბობს, რომ ამ დროისთვის კურორტზე თოვლისგან გზის გამწმენდი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა უცხოელ პარტნიორებს ადგილზე ჩასვლა გაუადვილდეთ.
სალუქვაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მანამდე კურორტის გენერალური განაშენიანების გეგმაზე დაასრულებს მუშაობას, რომლის შემდეგად გაირკვევა, ზუსტად რა ოდენობის ფინანსებია საჭირო იმისთვის, რომ „ბახმარო" 4 სეზონიან კურორტად იქცეს.
გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილობრივი მთავრობა კურორტზე საკომუნიკაციო სისტემების რეაბილიტაცია/მონტაჟს ახორციელებს. გარდა ამისა, ბახმაროში გაზის შეყვანის პროექტი „გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" უკვე დასრულებული აქვს. პარარელურად მიდის მუშაობა „ენერგო პრო ჯორჯიასთან" ახალი ტრანსფორმატორების და ელექტროსადენების რეაბილიტაციაზე. სალუქვაძის თქმით, ასევე მიმდინარეობს გზის და წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის პროქეტზე მუშაობა. „როგორც კი პროექტები იქნება მზად, უკვე კონკრეტული სამუშოები დაიწყება. საპროექტო სამუშოები ყველა მიმართებით დაწყებულია"-აცხადებს სალუქვაძე.
გურიის გუბერნატორი ამბობს, რომ გერმანელების „ბახმაროში" ყოფნის დროს მოესწრება სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურის მოწყობაც, რაც გახდება საფუძველი იმისა, რომ კურორტით სხვა ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ.
„ჩემთან საუბარში ყველა აფიქსირებს, რომ დიდი სურვილი აქვთ ბახმაროში მიწა შეიძინონ და იქ კოტეჯები ან სასტუმროები ააშენონ. ინტერესს გამოთქვამენ როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ბიზნესმენები. როდესაც მზად იქნება განაშენიანების გეგმა, ამაზე საუბარი უფრო მარტივი იქნება"-აცახდებს სალუქვაძე.
გუბერნატორის თქმით, „ბახმარო" თავისი ჰავით უნიკალურია და მას თავისუფლად შეუძლია იყოს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის კურორტი. „ის არის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი. რაც ყველაზე მთავარია, კურორტზე უნდა განვითარდეს სამთო-სათხილამურო მიმართულება, ბახმარო ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა,"-აცხადებს სალუქვაძე.
ავტორი: სოფო ქსოვრელი
