გუკი გიუნაშვილი
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმმა ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2016" კონკურსის ნომინანტად დაასახელა.
კონკურსში 49 მუზეუმი იღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან ლონდონის, შვეიცარიისა და ბრიუსელის მეცნიერების სახელმწიფო მუზეუმებები. კანდიდატებს მუზეუმთა ფორუმი ეტაპობრივად ასახელებს. კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მუზეუმები EMYA-ს საიტზე განთავსებულ აპლიკაციას ავსებენ. აპლიკაციების განხილვის შემდეგ კი იქმება კონკურსის ნომინანტთა სია. წლევანდელ ნომინანტთა შორის ქართული მუზეუმიც მოხვდა.
ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო (EMYA) 1977 წელს ევროპის საბჭოს ინიციატივით დაფუძნდა. როგორც კონკურსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: ის მიზნად ისახავს საუკეთესო გამოცდილების აღიარებას ევროპის მუზეუმებს შორის, ხელს უწყობს ინოვაციურ პროცესს სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და სამუზეუმო კოლექციების შემქნას უფრო დიდ ყურადღებას უთმობს, ვიდრე მათ გამოყენებას საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ.
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი
ჯილდო გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, ინტერპრეტაციითა და პრეზენტაციით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით. ევროპის საბჭოს მუზეუმის პრიზი მიზნად ისახავს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოპულარიზაციას.
სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი 1936 წელს მესტიის სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული სიძველეების ბაზაზე დაარსდა. მისი დირექტორი ეგნატე გაბლიანი იყო, რომლის ხელმძღვანელობით კოლექციების გამდიდრება დაიწყეს. 2013 წელს კი ახალ შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი გაიხსნა.