სოფელ ზიარში, ძველი ქვის ხანის პერიოდის პირველყოფილი ადამიანის ე.წ.ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო აღმოაჩინეს
გურჯაანის რაიონში, ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს, სოფელ ზიარში აღმოაჩინეს ძველი ქვის ხანის პერიოდის (ქვ. პალეოლითის) პირველყოფილი ადამიანის ე.წ.ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო, რომელიც სპეციალისტების თქმით, 500 ათასი წლის წინანდელია და კავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის თქმით, სადგმომ-სახელოსნოში,რომელიც დაახლოებით 100 კვადარატულ მეტრზეა გავრცელებული, აღმოჩენილია ათასობით არტე ფაქტი, რომელიც თავის წარმოშობით და სიძველით უმნიშვნელოვანესია.
"ძეგლი მნიშვნელოვანია, როგორც არქეოლოგიური, ასევე პალეონტოლოგიური მასალებით. სადგომი-სახელოსნოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია კაჟის ქვისა და კირქვისგან დამზადებული ათასობით ცალი სხვადასხვა დანიშნულების უძველესი ქვის იარაღი: ხელ-ცულები, საფხეკები, წვეტანები და ა.შ.სადგომი სახელოსნო, მხოლოდ ერთი მეტრის სიღრმეზეა გათხრილი და ვვარაუდობთ, რომ უფრო მეტ სიღრმეზე ჩასვლისას შესაძლოა, უფრო ძველი დროის ნივთებიც აღმოჩნდეს", - აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.
მისივე განცხადებით, ფხოვლის არქეოლოგიური გათხრებისას, აღმოჩენილია ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალიც.
"ფხოველში აღმოჩნდა ხის ნახშირის კვალიც და ზიარ-ფხოველი მსოფლიოში აქამდე ანალოგიური აღმოჩენების თვალსაზრისით, მესამეა, აფრიკის და საფრანგეთის შემდეგ", - აცხადებს მარკოზაშვილი.
არქეოლოგიური გათხრები ზიარ-ფხოველში 2014 წლიდან მიმდინარეობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით და სამუშაოებში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.
2030