ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში 5 ვარსკვლავიანი Hyatt Regency-ის გახსნა 2018 წლამდე გადაიდო
23 ნოემბერი, 2016

რუსთაველის გამზირზე იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში 5 ვარსკვლავიანი Hyatt Regency-ის სასტუმროს გახსნა 2018 წლამდე გადაიდო. როგორც კომპანია „რუსთაველი ფორფერთისის" ხელმძღვანელი მინდია გადაევი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, ამჟამად შენობის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია მიმდინარეობს ,რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მისივე ინფორმაციით , წლის ბოლომდე ელოდებიან ფინანსურ ინსტიტუტებთან დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასაც.

გადაევის თქმით, მომავალი წლიდან იმედი აქვთ, რომ აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, კომპანია ტენდერის საფუძველზე შეარჩიეს და ეს იქნება საერთაშორისო კომპანია "აეკომის" პოლონური ფილიალი. გადაევი ამბობს, რომ სასტუმროს გახსნა 2017 წლისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ტექნიკური საკითხების გამო სასტუმრო 2018 წლის განმავლობაში გაიხსნება. მისივე თქმით, სასტუმრო „საპარტნიორო ფონდთან" ერთად შენდება და შესაბამისი ხელშეკრულება დეკემბრის შუა რიცხვებში გაფორმდება. სასტუმრო 170 ნომრიანი იქნება.

Rustaveli Property Ltd-ი სასტუმროს განვითარებისთვის შექმნილი კომპანიაა, რომელიც არის რომან ფიფიას მიერ დაარსებული Loyal Capital Group-ის ნაწილი.

„რუსთაველი ფროფერთისმა" იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე შეიძინა. პროექტის ღირებულებად 60 მილიონი დოლარი სახელდებოდა.

Hyatt-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა თავდაპირველად ყოფილი კაზინო ,,არაგვის'' ტერიტორიაზე იგეგმებოდა.  Hyatt-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობაზე უარი ინვესტორმა 2008 წლის მოვლენების ფონზე თქვა.

დღეს „არაგვის" ტერიტორიაზე ბიზნეს ცენტრის პროექტი განიხილება. თუმცა მინდია გადაევი ამბობს, რომ პროექტის განხორციელებისთვის რამდენიმე ასეული მილიონის დაფინანსებაა საჭირო სწორედ ამიტომ ცდილობენ, რომ საინტერესო პროექტი შეიკრას და მოხდეს მისი განხორციელება. გადაევის განცხადებითვე, კომპანია ამ ეტაპზე სასტუმროს პროექტზე არის კონცენტრირებული , რომლის დასრულების შემდეგ „არაგვის ტერიტორიის განვითარებაც მოხდება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.