კურორტმა ბახმარომ ზამთრის სეზონზე პირველი ტურისტების მიღება დაიწყო. გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ამჟამად „ბახმაროში" ტურისტები შვეიცარიიდან და გერმანიიდან არიან, მათ შეიძინეს სპეციალური ტექნიკა, საწვავი და ადგილზე სწავლობენ კურორტზე არსებულ მდგომარეობას.
„ ტურისტები ამავდროულად არიან ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ სურვილი „ბახმაროში" ააშენონ სასტუმროები. დღეს არ არის საუბარი იმაზე, რომ წელს ბახმარო შეძლებს დამსვენებლების მიღებას. უცხოელებმა თავად შეიძინეს ტექნიკა, იქირავეს კოტეჯები, რომ შეაფასონ კურორტის მდგომარეობა და პირველადი შეფასებებით აღფრთოვანებულები არიან" - აცხადებს სალუქვაძე.
მისივე თქმით, თავის მხრივ გუბერნიამაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი უცხოელების ჩასვლას, მოგვარდა წყალთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
გურიის ბუნერნატორის განცხადებით, ბახმაროს მაღალი დონის ზამთრის კურორტად გადაქცევისთვის უკვე არსებობს პროექტი, რაც გულისხმობს, გაზიფიცირების, დენის მიწოდების და სხვა ინფრასტრუქტურლი სამუშოების შესრულებას, თუმცა იმის გამო, რომ ადგილზე 7 თვე ზამთრის კლიმატური პირობებია, ინფრასტუქტურული სამუშაოების შესრულება მხოლოდ მაისიდან- ოქტომბრამდეა შესაძლებელი.
„ჩვენი მონაცემებით, სათხილამურო ტრასებით და კლიმატური პირობებით ბახმარო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით, მომავალი წლისთვის სამუშაოების ნაწილი დავასრულოთ და კურორტმა დაიწყოს ტურისტების მიღება" დასძენს სალუქვაძე
ბახმაროს განვითარების მნიშვნელობაზე მიმდინარე წლის მარტში პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მთავრობის პრიორიტეტია.