ურეკის განვითარებისთვის 65 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება წყლისა და საკანალიზაციო სისტემები, გზა, გაზიფიკაცია და ასევე მოეწყობა პარკინგის ადგილებიც. პროექტი სამ წელზეა გათვლილი, რომლის დასრულების შემდეგ, ვარაუდობენ, რომ ურეკი თანამედროვე, ევროპული დონის კურორტი გახდება.
დღეს კი ურეკში, ჯერ კიდევ, ბევრი წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემებია მოსაგვარებელი, მათ შორის სახელდება გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მოუწესრიგებელი კომუნიკაციები. ასევე რეკლამის სიმცირის გამო, ურეკის ტურისტული პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული და მაგნიტური ქვიშის უნიკალური თვისებების მიუხედავად, კურორტი მხოლოდ ორი თვის განმავლობაში - ივლისსა და აგვისტოში მუშაობს, ისიც შეფერხებით. სწორედ ამიტომ, წელს დაბა ურეკში აღნიშნული პრობლემების მოგვარება კომპლექსურად დაიწყო. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც ურეკში პირველად განხორციელდება. რაც შეეხება ინვესტიციებს, დღეს ტერიტორიაზე 70 კერძო, 250 სააგარაკო, 150 კი საოჯახოს ტიპისა და ორმოცი მშენებარე სასტუმროა.
მაგალითად პირველი უმაღლესი კლასის სასტუმრო რომელიც შეკვეთილში შენდება, ეს არის, ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ ინვესტირებული ხუთ ვარსკვლავიან სასტუმრო და სპა კომპლექსი, რომელიც საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია და 2017 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა კი 80 მილიონი ამერიკული დოლარია. პროექტის ფარგლებში დასრულებულია ძირითადი სამშენებლო სამუშაოები და საჩვენებელი სასტუმრო ნომერი. სასტუმროში იფუნქციონირებს 220 ნომერი ხედით ზღვაზე. ასევე ხელმისაწვდომი იქნება სპა და მაგნიტური ქვიშის პროცედურები. სასტუმროში განთავსდება ბავშვთა გასართობი ცენტრი, წყლის გიგანტური „ტოპოგანი", სპორტული მოედნები, კინოთეატრი და კეთილმოწყობილი სასეირნო ბილიკები.
დღეს არსებული მდგომარეობით, კერძო სასტუმროებში ფასები, კაცზე ორჯერადი კვებით, 60 ლარიდან 150 ლარამდე მერყეობს. საოჯახო ტიპის სასტუმრო კვების გარეშე ერთ კაცზე 2 ათას 5-30 ლარი ჯდება, კვებით 3 ათას 5-40 ლარი. ოჯახებში ღამის თევა 7 ლარიდან 15 ლარამდეა, აგვისტოში კი 10-დან 20 ლარამდე მოიმატებს. გარდა ამისა, მიმდინარე პროექტებს შორის, სიახლეებია დაგეგმილი Black Sea Arena-ზეც და მომდევნო წლიდან გაორმაგებული პროგრამებით ხვდება, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს. გასულ წელს, Black Sea Arena-მ დაახლოებით 45 ათასი ვიზიტორს უმასპინძლა, წელს კი, გამომდინარე იქედან, რომ უფრო მეტი კონცერტი არის ჩანიშნული, ამ რაოდენობის გაორმაგებას ვარაუდობენ.
"ბიზნესკონტრაქტი"