თბილისის ბაროკო ფესტივალი 2015
სიტყვა ბაროკო (Baroque) ფრანგ. - უსწორმასწორო მარგალიტს ნიშნავს. ეს სტილი დაახლოებით 1600 – იან წლებში ჩაისახა სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში და მთელს ევროპას მოედო. მიმდინარეობა მიისწრაფვოდა ხელოვნების სიდიადისა და მისი უფრო ეფექტური, არასაყოფაცხოვრებო ფორმებისკენ. ამ ფენომენის ფორმირებაზე მსოფლიო კულტურის მრავალმა პლასტმა იქონია გავლენა. ევროპაში უკვე ათწლეულებია დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი მუსიკის მაქსიმალურად მიახლოვებული მანერითა და შესაბამისი ინსტრუმენტებით (ავთენტური) შესრულება. გარდა ესთეტიკური და ეგზოტიკური დატვირთვისა, ასეთი პერფორმანსები ისტორიული კუთხითაც საინტერესოა, მაგლითად, სხვადასხვა ქვეყნის კომპოზიტორთა მუსიკალური ხერხები და თავისებურებები, ასევე გასაოცარია რეპერტუარის სიუხვე და მრავალფეროვნება. ამ შინაარსის საერთაშორისო ფესტივალი კავკასიაში პირველად ტარდება. "თბილისის ბაროკო ფესტივალს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სინფონიეტა". იგი ასევე ერთადერთი ძველი მუსიკის აკადემიური ანსამბლია რეგიონში, რომელსაც უკვე არაერთხელ მიუპყრია მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება. 2015 წლის 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით თბილისის რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი "თბილისის ბაროკო ფესტივალს" დაეთმობა. მუსიკა ყველა კონცერტზე ძველებური ინსტრუმენტებით შესრულდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის სპეციალისტები: იორდი სავალი (ესპანეთი), სერჯიო აზოლინი (იტალია), კრისტინე ბუში (გერმანია), პაველ კოტლა (პოლონეთი/ინგლისი) და სხვანი. მათი მეშვეობით თბილისში ევროპული კულტურის ბგერითი მუზეუმი გადაიშლება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://tbf.ge