ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი გაიყიდა
23 იანვარი, 2017

„სწორი მენეჯმენტისა და კერძო ბიზნესის მხრიდან ინვესტიციების განხორციელებით თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი აუცილებლად მომგებიანი იქნება" -ამის შესახებ „კომერსანტთან" ობიექტის ერთ-ერთი მფლობელი „მეიდან ჯგუფის" დირექტორი ქეთევან ხუროძე აცხადებს. მისი ინფორმაციით, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ბალნეოლოგიური კურორტის სრულყოფის მიზნით, შპს "თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი-SPA ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრ"-ში სოლიდური ინვესტიციები განხორციელდება.

როგორც ქეთევან ხუროძე აცხადებს, შპს „იალონმა" აღნიშნული ობიექტის პრივატიზაციით მთელი რიგი ვალდებულებები აიღო, მათ შორისა: არსებული კრედიტორული დავალიანებების (ასეულ ათასობით), მათ შორის სახელფასო და საგადასახადო დაფარვა; ყველა არსებული სამედიცინო პროგრამის შენარჩუნება; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საბავშვო-სამედიცინო პროგრამებს და მეტად ადაპტირებული გახდება შშმ პირებისათვის.

გარდა ამისა, როგორც ხუროძე აცხადებს,ობიექტს მუდმივად შეუნარჩუნდება სამედიცინო-ბალნეოლოგიური პროფილი. ამასთან, დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-თან შრომითი ურთიერთობი შენარჩუნდება. ხუროძე აცხადებს, რომ შპს „იალონმა" 3 წლის განმავლობაში ჯამში 10 მილიონი ლარის (8 000 000 ლარის + დღგ) ინვესტირება უნდა განახორციელოს.

"საინვესტიციო ვალდებულებებს შორისაა სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისას ბალნეოლოგიური კურორტის უწყვეტად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ასევე, ბალნეოლოგიური კურორტისთვის აუცილებელი სანატორიუმის ტიპის სასტუმროს ნომრების (არანაკლებ 30) შექმნა", – აცხადებს ხუროძე.

კითხვაზე,  რატომ დაინტერესდა შპს „მეიდან ჯგუფი" თბილისის ბალნეოლოგიური კურორტით მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც წლების განმავლობაში მუდმივად ისმის იმაზე საუბარი, რომ ეს ბიზნესი საქართველოში კომერციულად მომგებიანი ნაკლებადაა, ხუროძე განმარტავს, რომ  "მეიდან ჯგუფი", 16 წელია ოპერირებს ძველ თბილისში და ქმნის მნიშვნელოვან ტურისტულ ინფრასტრუქტურას მუხრანთუბანი-აბანოთუბანის მარშრუტზე. მისივე განმარტებით, „მეიდან ჯგუფს" გააჩნია დიდი გამოცდილება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის, უშუალოდ ძეგლების მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების შენარჩუნების კუთხით, ამასთანავე, გააჩნია წარმატებული გამოცდილება ტურისტული ინფრასტრუქტურის (მაგ. სასტუმროები) ობიექტებისა და აგრეთვე, სამედიცინო დანიშნულების მსხვილი ობიექტების ფუნქციონირების. როგორც ხუროძე აცხადებს, აღნიშნული იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დასახელებულ ტერიტორიაზე შეექმნა სათანადო ინფრასტრუქტურა და ტურიზმი განევითარებინა.

„კომერსანტის" კითხვაზე,  რა ფასად გაიყიდა ობიექტი და რა ვადაში მოახერხებს კომპანია აღნიშნული თანხის და განხორციელებული ინვესტიციის ამოღებას, შემდეგ კი უკვე მოგებაზე გასვლას, ხუროძე განმარტავს, რომ ობიექტი საპრივატიზებოდ სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი და ძალზედ ღირებული ქონების ურთიერთგადაცემის სანაცვლოდ გამოვიდა. „აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენი კომპანია დამატებით გადაიხდის რამდენიმე მილიონს. რაც შეეხება გათვლებს, ამისათვის არქიტექტურული პროექტი უნდა შედგეს, გათვალისწინებულ უნდა იქნას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რა საშუალება მიეცემა კომპანიას ობიექტის რეკონსტრუქციისათვის და მხოლოდ ამის შემდგომ გვეცოდინება, რა ვადაში შევძლებთ ინვესტიციის ამოღებასა და მოგებაზე გასვლას"-აცხადებს ხუროძე.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის 50 პროცენტი კომპანია "იალონს" გადასცა. მთავრობის დადგენილებით, შპს "იალონის" 50%-ის მფლობელი სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგია", 50%-ს კი "მეიდან ჯგუფი" ფლობს.

კომპანია ასევე ვალდებულია ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის სხვაობა 2 357 234 ლარი გადაიხადოს.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მოქმედი ხელმძღვანელი ნიკოლოზ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს გარიგება მარტო იმიტომ არის კარგი, რომ ნათელი მოეფინა იმას, რომ კურორტი მისი და მისი ოჯახის საკუთრება არ არის. „19 წელია ობიექტის დირექტორია და ამ ხნის მანძილზე მუდმივად იყო საუბარი იმაზე,თითქოს ობიექტი ჩემი საკუთრება იყო. ახლა ამ გარიგებით ნათელი მოეფინა იმას, რომ ეს ჩემი და ჩემი ოჯახის საკუთრება არ არის.გასხვისების გადაწყვეტილება სახელმწიფომ,კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო. რა მიზეზით არ ვიცი, კარგად ჩახედული არ ვარ, ხელშეკრულებაც კი არ მინახავს. მოვიდნენ, ადამიანურად დაგვეკონტაქტნენ, დანარჩენი არ ვიცი. ჩემთვის სიახლეა ის,რომ კურორტი ჩემი არ ყოფილა"-აცხადებს სააკაშვილი.

მისი ინფორმაციით, ის სახელმწიფოსთვის აკეთებდა და აშენებდა, შემოჰყავდა დონორები,თუმცა, სახელმწოფომ გასხვისების გადაწყვიტილება მიიღო. სააკაშვილი აცხადებს, რომ დღესდღეობით კურორტით დაინტერესება დიდია და ის ჩვეული რიტმით მუშაობს.

შეგახსნებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, დირექტორი კი 2000 წლიდან მოყოლებული ნიკოლოზ სააკაშვილია. შპს „თბილისი-SPA"-ში ამჟამად 86 ადამიანია დასაქმებული. 2014 წელს კი კომპანიის შემოსავალი 620 000 ლარზე მეტი იყო. 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

Commersant.ge

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.