მცხეთაში ტურისტებისთვის მტკვარზე მცურავი „მცხეთა კრუიზი“ გამოჩნდა. "მცხეთა კრუიზი" მომხმარებელს 30 წუთიან ტურს სთავაზობს, თანამედროვე დიზაინის შემინული კატარღით.
როგორც კომპანიაში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, მომხმარებელს მცხეთის კულტურულ ძეგლებზე ინფორმაციას გიდები აწვდიან 16 ენაზე. მომსახურების ღირებულება,- კორპორატიული კლიენტებისთვის 35 ლარია, ინდივიდუალური მომხმარებლის შემთხვევაში კი 39 ლარი. კომპანიამ საქმიანობა შემოდგომიდან დაიწყო და ამ ეტაპზე ტურისტებს ორი კატარღა ემსახურება - 10 და 28 კაციანი.
განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს. კომპანიაში განმარტავენ, რომ გაზაფხულიდან კატარღის პირველი ლოკაციის ადგილზე კაფის ამოქმედებაც იგეგმება, ამასთან „მცხეთა კრუიზი“ ადგილზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობასაც გეგმავს, სადაც საქორწილო ხელმმოწერის ცერემონიის გამართვა იქნება შესაძლებელი.
კომპანიის თანადამფუძნებელი, სულხან ვარშანიძე ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას ამბობს, რომ პრობლემას წარმოადგენს დაბიძნურებული მდინარის წყალი და გარშემო ტერიტორია.
„დაბიძნურების პრობლემა გვაქვს, როდესაც ზემოთ იყურება ტურისტი და ათვალიერებს ხედებს არაა პრობლემა, მაგრამ ნაპირებისკენ როდესაც გაიხედავს ტურისტი საშინელი მდგომარეობაა, საყოფაცხოვრებო ნაგავიც მდინარეშია. ვფიქრობთ რომ მივმართოთ შესაბამის უწყებებს რომ სიტუაცია გამოსწორდეს, ან მოსახლეობისთვის აკრძალვა იყოს ტერიტორიის დაბინძურებაზე“, - ამბობს სულხან ვარშანიძე.