ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტული, სავაჭრო და სასტუმრო ადგილები - თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარების პირველი ფაზა წელს დაიწყება
20 თებერვალი, 2017

Ⴑაკონსულტაციო კომპანიამ PwC თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური განვითარების გეგმა მოამზადა. პროექტში გამოყენებულ იქნა სივრცითი მონაცემების ანალიზი, წყალსაცავის გარშემო ტურისტული, სასტუმრო და სავაჭრო ადგილმდებარეობების შერჩევისა და ინვესტიციების განვითარებისათვის. გეოსივრცით მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული მსგავსი ურბანული კონცეფცია წარმოადგენს პირველ პრეცენდენტს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და საერთაშორისო მნიშვნელობისაა. პროექტის განხორციელებისას, PwC ანალიტიკოსებმა ტერიტორიის ოპტიმალური განვითარებისათვის გამოიყენეს მონაცემთა მრავალი ფენა, მათ შორის დემოგრაფიული ინფორმაცია, ინფორმაცია ქალაქის არსებულ ინფრასტრუქტურასა და უძრავი ქონების ღირებულების შესახებ. 

PwC-იმ აღმასრულებელ ხელისუფლებას გეგმა უკვე წარუდგინა. კონცეპტუალური გეგმა ითვალისწინებს სხვადასხვა ფუნქციის მქონე ინიციატივებს. აღსანიშნავია რომ ფუნქციები განსაზღვრულია მათი გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით. წარმოდგენილი გეგმა ასევე ითვალისწინებს ფინანსურ ანალიზს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისათვის. 

წარმოდგენილი კონცეფცია, თბილისის ზღვის ტერიტორიის რეკრეაციული, სპორტულ- გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონებით და კომერციული ფუნქციებით დატვირთვას გულისხმობს. 

როგორც PwC-ში განმარტავენ, კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად, ქალაქ თბილისის დეტალური გეოსივრცითი მოდელი იქნა შემუშავებული. აღნიშნული მოდელი სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ რუკას, საგზაო მოდელს, დემოგრაფიულ, ინფრასტრუქტურულ რუკებს და ბუნებრივი გარემოს კომპონენტებს. ამან შესაძლებელი გახადა ჩატარებულიყო სრულყოფილი ანალიზი. მის საფუძველზე, ექსპერტებმა წარმოადგინეს თბილისის ზღვის ტერიტორიის განვითარების სხვადასხვა ინიციატივები, თითოეული პროექტისათვის თავისი ფინანსური გაანგარიშებებით, სადაც დადგენილი იქნა ინიციატივების შესაძლო მომგებიანობა. თითოეული ინიციატივისათვის შემუშავდა გეოსივრცითი მოდელი, რომელმაც ზღვის ტერიტორიაზე განსაზღვრა ინიციატივების ადგილმდებარეობა. მოდელი ითვალისწინებს 300-ზე მეტ ცვლადს, მათ შორის სანაპიროს სიგრძეს, ინფრასტრუქტურაზე მიწვდომადობას, მოსახლეობის კონცენტრაციას, საგზაო ქსელებს, მგზავრობის საშუალო დროს ქალაქის ცალკეულ ადგილებამდე და ასევე რელიეფს. კონცეპტუალური გეგმის დასრულების შემდგომ, თბილისის ზღვის სამგანზომილებიანი მოდელი ასევე იქნა წარდგენილი როგორც საბოლოო მასალა. 

“თბილისის ზღვის განვითრების პროექტში გამოყენებული მეთოდოლოგია უნიკალურია, ის აერთიანებს არქიტექტურულ პერსპექტივებს, ფართომასშტაბიან მონაცემთა ანალიზს და ფინანსურ მოდელს. სწორედ ამის შედეგად მთავრობამ საბოლოო პროდუქტად მიიღო მდგრადი კონცეპტუალური გეგმა, რომელიც ამავდროულად პრაქტიკული და საკმაოდ მიმზიდველია დაინტერსებული მხარეებისათვის, ესენი იქნებიან ინვესტორები, ტურისტები, თუ თბილისელები. 

შეთავაზებული გადაწყვეტილებები მისაღებია ურბანული თვალსაზრისით და ასევე მომგებიანია პოტენციური ინვესტორებისათვის, ხოლო ქალაქს აძლევს შესაძლებლობას დაწინაურდეს საერთაშორისო დონეზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ასეთი მიდგომის გამოყენება შესაძლებელია სხვა მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებისას მთელს მსოფლიოში, რაც საშულებას მისცემს ადგილობრივ ადმინისტრაციებს ოპტიმალური და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღონ გეგმების შემუშავების დროს“, აცხადებს მიხალ კლისი, გეოანალიტკური დეპარტამენტის მენეჯერი. 

პროექტის განხორციელების პირველი ფაზა დაიწყება 2017 წელს, მისი დასრულება დაგეგმილია 2018 წელს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.