სტეფანწმინდაში, კულტურის სახლთან ახლოს საკმაოდ საინტერესო კაფე ფუნქციონირებს. Awtobus–ი - კაფე ძველ ავტობუსშია გახსნილი და ის ნებისმიერ გამვლელს იზიდავს. ასეთი ორიგინალური იდეის ავტორი და კაფეს მფლობელი თბილისელი ხატია გოგიძეა, მას საქმის წარმოებაში სტეფანწმინდის მკვიდრი შალვა კაზალიკაშვილი ეხმარება.
ხატია გოგიძე თბილისში ცხოვრობს. 2 წლის განმავლობაში სტეფანწმინდაში, სასტუმრო „რუმსში“ მუშაობდა. სწორედ იმ დროს გაუჩნდა იდეა, რომ დაბაში რაღაც ორიგინალური კაფე გაეკეთებინა, რაც ყველა დამსვენებელს მიიზიდავდა.
„ძალიან მინდოდა, რომ სტეფანწმინდაში ხარისხიანი, კარგი იტალიური ყავა მონდო გამეყიდა. იდეა მქონდა, მაგრამ სად უნდა გამეხსნა კაფე, არ ვიცოდი. მერე ვნახე ეს ავტობუსი, რომელიც სტეფანწმინდაში იყო, ძველია ძალიან. ის შალვას მისცეს და ავტობუსის კაფედ გადაკეთებაშიც შალვა დამეხმარა. საბოლოოდ, 8 ივნისს მივიღეთ პირველი სტუმარიც“, – განუცხადა„კომერსანტს“ ხატია გოგიძემ.
–საინტერესოა, როგორ შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა ასეთ უცნაურ კაფეს და როგორია სტუმრების რეაქცია?
–ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან მოსწონს ეს სიტუაცია. ვერ გეტყვით, რომ ადგილობრივები ყოველდღე სტუმრობენ ჩემს კაფეს, მაგრამ ვინც კი სტეფანწმინდაში ჩამოდის, თუნდაც ერთი დღით, 2–ჯერ მაინც შემოდის, რომ ჩვენი ყავა მიირთვას. ყავასთან ერთად, გვაქვს ჩაი, ოჯახში დამზადებული კომპოტები, ნამცხვრები და კროასანები.
–ახლა ზაფხულია, არ ცივა და ძველ ავტობუსში მუშაობა რთული არ არის. რას გეგმავთ, როცა აცივდება? და საერთოდ, აპირებთ თუ არა, რომ კაფე ოთხივე სეზონზე ამუშავოთ?
– სტეფანწმინდაში ზამთარში ძალიან ცივა, არის წყლის პრობლემაც და ავტობუსის კარიც არ იხურება. უფრო მეტ პრობლემას ზამთარში კაფეს მუშაობაში წყალი შემიქმნის. თუ წყალს გაიყვანენ, და უკვე აკეთებენ კიდეც, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ჩემი კაფე ოთხივე სეზონზე დატვირთული იყოს. თუ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც გეგმაში მაქვს, მომავალ წელს უკვე ადგილობრივებსაც დავასაქმებ.
–როგორც ვიცით, ზაფხულის სეზონზე დაბაში კაფეებიც და რესტორნებიც დატვირთულია. თქვენ ახალი ხართ და საინტერესოა, როგორ უწევთ მათ კონკურენციას?
–სტეფანწმინდაში ძირითადად რესტორნები მუშაობს, ისინი ჩემი კონკურენტები ვერ იქნებიან. მთავარი კონკურენტი არის პატარა კაფე, რომელიც ჩემი ავტობუსის საპირისპიროდ მდებარეობს. მას კონკურენციას ვუწევ იმით, რომ ჩემი კაფე ავტობუსშია და ძალიან განსხვავევულია, ამიტომაც მოდის ხალხი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ არ ჰყავთ სტუმრები, ჩემი კონკურენტი კაფეც ბევრ ადამიანს მასპინძლობს.
– როგორია ბიზნესის კეთება სტეფანწმინდაში ?
– სტეფანწმინდაში არაფერი არ იშოვება და ამიტომ აქ ბიზნესის კეთება ძალიან რთულია. ყველაფერი მოგვაქვს თბილისიდან. ჩემი ოჯახის თითქმის ყველა წევრი მეხმარება. ძალიან შრომატევადია. კაფეს გაკეთებისას რამდენჯერმე ისიც მიფიქრია, რომ აღარ მინდოდა ეს საქმე, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი გამოვიდა. მთავარი არის სურვილი, მიზანი და ყველაფერი გამოვა.
კომერსანტი
(მთავარი ფოტოს ავტორი CarTravelista)