23 წლის მეღვინე: „აგრომიმართულება მომგებიანია და ამ კუთხით პროფესიონალი კადრების არსებობაა საჭირო“
„ვფიქრობ, რომ ღვინის ბიზნესში განვითარება დაწყებულია და ბევრი რამ დადებითისკენაა შეცვლილი. თუმცა განვითარების პროცესების დასაჩქარებლად აუცილებელია, რომ ამ სფეროში უფრო მეტი პროფესიონალი გვყავდეს." - ამის შესახებ „კომერსანტს" 23 წლის მეღვინემ ბაია აბულაძემ განუცხადა. როგორც „ბაიას ღვინოს" დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მისი ღვინო მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებულად იყიდება.
- სანამ ზოგადად ქვეყანაში ღვინის ბიზნესის შესახებ ვისაუბრებთ გვიამბეთ, „ბაიას ღვინის" შექმნის ისტორიაზე. როგორც ვიცი, ოჯახში ყველანი მეღვინეები ხართ. როგორ იქცა ოჯახური ტრადიცია ბიზნესად?
- ღვინის ბიზნესი 2015 წელს ოჯახთან ერთად წამოვიწყე. მეღვინეობა ჩემი ოჯახის ძირითადი საქმნიანობაა. ჩვენ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები გავხდით და ყველაფერი 5 000 ლარით დაიწყო. როდესაც უკვე ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა შეგვეძლო, შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული ეტაპი ბრენდისთვის სახელწოდების შერჩევა იყო.
ღვინო საბოლოოდ მაინც ჩემ სახელთან ასოცირდებოდა და ასე შეიქმნა მისი სახელწოდება. ჩვენი მარანი იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტ სოფელ ოფჩაშია, სადაც ვენახებიც გვაქვს. მე ოჯახურ ბიზნესს ვაგრძელებ. "ბაიას ღვინით" ამჟამად თბილისში სხვადასხვა სასტუმროები და რესტორნები მარაგდება.
- გაიხსენეთ პერიოდი, როდესაც „ბაიას ღვინომ" ჩამოყალიბება დაიწყო. ალბათ, მაშინ ბევრმა სირთულემ იჩინა თავი...
- დიახ, თავდაპირველად სირთულეები იყო. გაყიდვების პროცესთან ამ დრომდე უშუალო შეხება არ გვქონია და ამ კუთხით გამოუცდელები ვიყავით. ფინანსურ სფეროსთან და გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები დროთა განმავლობაში გადავლახეთ, ამაში ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. საკუთარი მაღაზია ჯერ არ გვაქვს, თუმცა ღვინის ყველა მაღაზიაში ვართ წარმოდგენილები: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ყველა საკითხში ოჯახი ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას და მონაწილეობას.
- როგორც თქვენ აღნიშნეთ, „ბაიას ღვინოს" დაგემოვნება ბევრ რესტორანში, სასტუმროსა და ღვინის მაღაზიაშია შესაძლებელი, თუმცა იქ სხვა ბრენდებიცაა წარმოდგენილი. თქვენი აზრით, როგორ ხდება ღვინის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია?
- ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, კონკურენცია სრულიად ჯანსაღ პირობებში მიმდინარეობს. ხანდახან დიდი ღვინის კომპანიების კონკურენტები ვხდებით და ასეთ დროს მცირე მეწარმეების ღვინო უფრო პრიორიტეტულია, რადგან ეს ახალი განსხვავებული გემოა.
უშუალოდ „ბაიას ღვინოსთან" მიმართებით კონკურენციას რაც შეეხება, ვთვლი, რომ ყველა ბრენდის ღვინოს თავისი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენ ამჟამად ოთხი სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ და მისი ფასები 22-ლარიდან 80-ლარამდე მერყეობს.
- საქართველო ღვინის ქვეყანაა, ღვინის დაყენების ტრადიცია კი უკვე ბიზნესად იქცა. რამდენად რთული ტრადიციის ბიზნესად ქცევა?
- თუ ტენდენციურად დღევანდელ სიტუაციას 7 წლის წინანდელს შევადარებთ, ვფიქრობ, რომ განვითარება დაწყებულია და ბევრი რამ დადებითისკენაა შეცვლილი. თუმცა განვითარების პროცესების დასაჩქარებლად აუცილებელია, რომ ამ სფეროში უფრო მეტი პროფესიონალი გვყავდეს.
მეღვინეობის შესახებ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხედავ, რომელიც ცდილობს აგრომიმართულებით მიიღოს განათლება. ეს მომგებიანი სფეროა და კადრების ყოლა ამ კუთხით საჭიროა.
- ბაია, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? მაღაზიის გახსნას თუ გეგმავთ, ან ღვინის ექსპორტზე გატანას?
- ღვინის ექსპორტზე გატანა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბრიტანულ კომპანიასთან გვქონდა მოლაპარაკება და მათგან საბოლოო პასუხს ველოდებით.
მაღაზიის გახსნა კონკრეტულ ადგილზე ყოფნას და მენეჯმენტის უშუალოდ გაძღოლას მოითხოვს, რაც ჯერ-ჯერობით ჩვენთვის შეუძლებელი იქნება, თუმცა სამომავლოდ სიამოვნებით მივიღებდით ასეთ გადაწყვეტილებას. ჩვენი ბიზნესი მცირეა და ამას ჯერ ვერ შევძლებთ.
ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge