ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბორდოს ღვინის ფესტივალი და ქართველი მეღვინეების მოლოდინი – რას მოუტანს გამოფენის მასპინძლობა საქართველოს?
24 ივლისი, 2017

31 ივლისს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ახლადშექმნილ ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამოფენა გაისხნება, სადაც ოთხი თვის განმავლობაში საქართველო პირველი მიწვეული, მაგრამ ამასთანავე მასპინძელი ქვეყანა იქნება. ამის შესახებ რამდენიმე თვის წინქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოსთვის  მნიშვნელოვანი მიღწევაა. პრემიერმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო კარგად გააცნოს მსოფლიოს ქართული კულტურა, ღვინო და ქვეყნის პოტენციალი. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, აღნიშნული გამოფენის მასპინძლობა დასტურია იმის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო.

„კომერსანტი“ ღვინის ასოციაციებს დაუკავშირდა და მათთან დამატებით გაარკვია, თუ რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული ღვინის ფესტივალის მასპინძლობა ქართულ ღვინოს და რა პერსპექტივა აქვს მას ევროპულ ბაზარზე ცნობადობის ამაღლების კუთხით. როგორც  ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ტატა ჯაიანი აცხადებს, გამოფენაში მონაწილეობა საქართველოს მისცემს მეტ შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინი ევროპაში წარმატებით გაიყიდოს და ქვეყანაში მეტი ვიზიტორი შემოვიდეს.

„ეს ფესტივალი ქვეყნას უამრავ შესაძლებლობებს მისცემს, საქართველოს ცნობადობა გაიზრდება. უკვე ბევრი უცხოელი ინტერესდება ღვინის ტურიზმით, სურთ ქართული ღვინის დაგემოვნება და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იქნება. ამ ოთხი თვის განმავლობაში ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის, ღვინისა და საკვების შეხამების ღონისძიება. ეს ხელს შეუწყობს, რომ ქართული ღვინო ევროპაში კიდევ უფრო წარმატებით გაიყიდოს და ასევე, მეტი ვიზიტორი შემოვიდეს“, - აღნიშნა ჯაიანმა.

მისივე თქმით, ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე სხვა ღვინოებთან შედარებით, ძვირი ღირს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ საექსპორტო ღვინო არც ისე ბევრი გვაქვს.

 „ევროპის ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია, თუმცა ქართული ღვინოს თავისი ფასიდან გამომდინარე, ნაკლებად ყიდულობენ. ბევრი კარგი ღვინო იყიდება, გაცილებით უფრო დაბალ ფასებში. ამიტომ ვინც ქართულ ღვინოს არ იცნობს, ის არც ყიდულობს. ბაზარზე წარმოდგენილი არის საქართველო, მაგრამ მცირე ნიშა უკავია. მიზეზი არის ჯერ ერთი ის, რომ ძალიან ბევრი ღვინო არ გვაქვს, როგორც აქვს ახალ ზელანდიას, ავსტრალიას. ასევე, ღვინისთვის ბოთლების საზღვარგარეთიდან შემოტანა გვიწევს, რაც დამატებით ხარჯებს იწვევს. ამიტომ არის, რომ ჩვენს ღვინოს შედარებით მაღალი ფასი აქვს“, - განაცხადა ტატა ჯაიანმა.

„იაგოს ღვინის“ და ღვინის კლუბის დამფუძნებლის იაგო ბიტარიშვილის თქმით კი, იმისთვის, რომ ღვინო ევროპულ ბაზარზე გაყიდო, მხოლოდ ხარისხი კი არა, ცნობადის გაზრდაა საჭირო და აღნიშნული ფესტივალი ამას ხელს შეუწყობს.

„ყველა აქტივობა მნიშვნელოვანია, რაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ემსახურება. რა თქმა უნდა, ღვინის ხარისხსაც აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ცნობადობის გაზრდის გარეშე, ღვინის ევროპულ ბაზარზე გაყიდვა ძნელია. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ბიტარიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული გამოფენა ახალი საქმიანი ურთიერთობების გაჩენის შესაძლებლობას იძლევა: „ეს არ არის გამოფენა, სადაც ახალი ხელშეკრულებები შეიძლება დაიდოს, თუმცა საინტერესოა მწარმოებლისთვის, მყიდველისთვის, კრიტიკოსებისთვის, ვინც ღვინის შესახებ წერს. ინფორმაციები გავა, დაიწერება. ზოგი პირადად ნახავს და ამის შემდეგ უკვე ახალი საქმიანი ურთიერთობებიც გაჩნდება.“

სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე, შალვა ხეცურიანმა კი, ჩვენთან საუბრისას ხაზი გაუსვა ორგანიზებულობის საკითხს. როგორც მან აღნიშნა, ასეთი მასშტაბის ღონისძიებაზე ქვეყანამ ორგანიზებულობის მაღალი ხარისხი უნდა გამოიჩინოს.

„მთავარია, რომ ორგანიზების მაღალი ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი, რადგან ამაზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამენ ჩვენს ქვეყანას. ასეთი დიდი მასშტაბის ღვინის გამოფენაზე საქართველოს პირველი სტუმრობა ხაზს უსვამს ჩვენს მთავარ მარკეტინგულ მესიჯს,  რომ საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც ადამიანმა პირველმა შექმნა ღვინო“, - განაცხადა ხეცურიანმა.

ამასთან, კითხვაზე, ზოგადად ქართულ ღვინის ევროპის მაღალკონკურენტუნარიან ბაზარზე რა პერსპექტივა გააჩნია, შალვა ხეცურიანი პასუხობს, რომ ქართული ღვინო სასურველი რომ გახდეს, აქამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

„ევროპის ბაზარი ჩვენთვის ყველაზე რთულია, ყველაზე მაღალი კონკურენციაა და სასურველები რომ გავხდეთ, აქამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ღვინო ჯერჯერობით ყველაზე მეტად ცნობადი არის პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ახლა ამ ქვეყნებს ჩინეთი დაემატა, თუმცა იქაც დიდი რისკები არსებობს, რომ დაბალ საფასო სეგმენტში არ მოვხვდეთ. სამწუხაროდ, ჩინეთისა და რუსეთის ბაზარზე ასეთი ტენდენციები შეინიშნება. სხვა ქვყნებში ცნობადობა საკმაოდ დაბალია და ბევრი სამუშაო გვაქვს ამ კუთხით.  მსოფლიოში ღვინის უდიდესი არჩევანი არსებობს და ჩვენ სხვა ტიპის ძალისხმევა გვჭირდება, რომ თავი დავიმკვიდროთ“, - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

მისივე თქმით, ბორდოს ღვინის ფესტივალზე არა კერძო სექტორს, არამედ მთლიანად ქართულ ღვინოს უნდა დაეთმოს ყურადღება: „ქართული ღვინის გარშემო კერძო კომპანიების აქტივობები და მთლიანი აქტივობები ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. კერძო კომპანიებმა წარმატებას რომ მიაღწიონ, ამისთვის მთლიანად ქართული ღვინო ცნობადი უნდა გახდეს. ბორდოში სწორედ ამას მიექცევა ყურადღება  და არა კონკრეტული კომპანიების ცნობადობის გაზრდას.“

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.