CAPITAL PARTNERS OF GEORGIA მირზა-შაფის პროექტზე მერიისგან სამშენებლო ნებართვას ელოდება
მირზა-შაფის პროექტი სამშენებლო ნებართვას ელოდება. პროექტის ინვესტორი კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ს დამფუძნებელი გიორგი სვანიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად კომპანიამ განაცხადი უკვე შეიტანა.
სვანიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიიდან სამშენებლო ნებართვას მიიღებს და პროექტს შეათანხმებს, CAPITAL PARTNERS OF GEORGIA მშენებელი კომპანიის სატენდერო გზით შერჩევის ეტაპზე გადავა.
სვანიძე გასული წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ პარტნიორებთან ერთად „მირზა შაფის" პროექტზე აქტიურად მუშაობდნენ ისტორიკოსები, ცნობილი არქიტექტორები, რათა პროექტი მაქსიმალურად ჩამჯდარიყო აბანოთუბანში, ბოტანიკური ბაღის სიმწვანეში და ყველასთვის მისაღები ყოფილიყო.პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბრენდ „კემპინსკისთან" სასტუმროს მშენებლობის შესახებ შეთანხმებაა გაფორმებული.
პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 1200-მდე ადამიანი დასაქმდება.
პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელების, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული სახლების, საგამოფენო დარბაზების მშენებლობა. კრიტიკოსები პროექტს აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე უსახური კუბების ფორმის ნაგებობების განთავსება მიუღებელია.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge