ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Chizzzy ხაჭაპურის საწარმოს მშენებლობას გეგმავს
08 თებერვალი, 2024

გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია Chizzzy ხაჭაპურის საწარმოს მშენებლობას გეგმავს.  როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ბოჭორიშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ეს იქნება პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი საწარმო, რომლის მშენებლობის გადაწყვეტილება პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს. მისივე განცხადებით, აღნიშნული გეგმა 2-3 წლიან პერიოდში განხორციელდება.

,,ხაჭაპურის საწარმო საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და დეტალებს ვაზუსტებთ. ჯერჯერობით ხაჭაპურის საწარმო არავის არ აქვს მსოფლიოში.  საწყის ეტაპზე უნდა მოხდეს ტექნოლოგიური ხაზის გამართვა, რაშიც გერმანელი და ჰოლანდიელი ტექნოლოგები არიან ჩართული. მათთან ერთად ვმუშაობთ, რომ საწარმოს ხაზი დავხვეწოთ, შევქმნათ და მერე უკვე დავამონტაჟოთ. შემდეგი ეტაპი იქნება დაფინანსება და ბოლოს უკვე მშენებლობა. ჩვენი მიზანია პროდუქცია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს და აქტიურად გავიდეს ექსპორტზეც“, - აცხადებს გიორგი ბოჭორიშვილი.

ამ ეტაპზე Chizzzy-ს გაყინული აჭარული ხაჭაპური მცირე რაოდენობით იწარმოება და  თბილისის მასშტაბით ჰიპერმარკეტებში იყიდება. საწარმოს გახსნამდე Chizzzy სახელობით მაღაზიას გახსნის, ლოკაცია ტურისტული უბანი იქნება, თუმცა კონკრეტულად სად განთავსდება ობიექტი, გიორგი ბოჭორიშვილი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

გარდა ამისა, კომპანია მუშაობს ახალ ასორტიმენტზეც, რომელიც გაყიდვებში ზაფხულში  ჩაეშვება.

’’ახალ პროდუქტს ეტაპობრივად გავუშვებთ რეალიზაციაში. ეს იქნება აჭარულისა და იმერული ხაჭაპურის ქვესახეობები. ვამუშავებთ გემოებს, როგორიცაა რაჭული ლორი და მეგრული აჯიკა. ახალი სეგმენტია და ნელ-ნელა შეგვაქვს ჩვენი წვლილი, რომ გაყინული პროდუქტების ბაზარი შეიქმნას საქართველოში და შემდგომში განვითარდეს. საკმაოდ დიდია მოთხოვნა, ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ და კიდევ შევთავაზოთ სიახლე, რომ გაყინული პროდუქტების სეგმენტი ქვეყანაში პოპულარული გავხადოთ“, - აცხადებს გიორგი ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის, Chizzzy არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს.

კომპანია ბაზარზე ვართ 2021 წლიდან ფუნქციონირებს და 8 ადამიანს ასაქმებს.

BP.GE

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.