ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Dreamland Oasis-ში აპარტამენტის 99 პროცენტი გაყიდულია
03 მაისი, 2017

ჩაქვში მდებარე კომპლექს Dreamland Oasis-ში ამ დროისთვის აპარტამენტის 99 პროცენტი გაყიდულია. აქედან 40 პროცენტს კი ქართველი ბიზნესმენები ფლობენ. ამის შესახებ „კომერსანტს" კომპანიაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით,აპარტამენეტების დანარჩენ ნაწილს უცხოელები, მათ შორის უკრაინელები, ყაზახები და რუსები ფლობენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის გაყიდულია 250 აპარტამენტამდე და დარჩენილია მხოლოდ 4.  მათი განმარტებით, აპარტამენტში კვადრატული მეტრის ფასი 1600-დან 2300 დოლარამდე მერყეობს. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი და მეორე ეტაპის სამუშაოებია დაწყებული.

კომპანიის ინფორმაციით, მეორე ეტაპის ფარგლებში უკვე დაწყებულია 19 სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომლის 4 სართული ამოყვანილია, შენდება აკვაპარკიც.

მათი განმარტებით, კომპლექსი მთლიანად 2019 წელს უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ახალ პროექტებს, მათი დაწყება სამომავლო პერსპექტივაა. „ახალ პროექტებს შეკვეთილში ან ურეკში ან მიმდინარე პროექტის პარარელურად ან ჩაქვის პროექტის დასრულების შემდეგ დავიწყებთ"-აცხადებენ კომპანიაში.

როგორც ცნობილია, კომპანიის საკუთრებაში აქვს ძალიან ბევრი აქტივი. მათ შორის, შეკვეთილში, გრიგოლეთში, ურეკში, თბილისში, ტაბახმელაში. შესაბამისად, გასულ წელს კომპანიაში აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე დაგეგმილი იყო იგივე კონცეფციის კომპლექსების აშენება.

პირველი ეტაპის ფარგლებში კომპლექსში დასრულებულია 2 სასტუმროს და 9 საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. Dreamland Oasis-ის მშენებლობის მეორე-მესამე ეტაპი საცხოვრებელი კომპლექსების და აუზების მშენებლობას გულისხმობს. კომპანია Dreamland Oasis-ი ინფრასტრუქტურის განვითარებაში 105 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

ახალი საკურორტო ზონის მოწყობის იდეა ჩაქვში მდებარე სასტუმრო „ოაზისის" წარმატებულად მუშაობამ წარმოშვა. ამის შესახებ „კომერსანტს" კომპანიის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ გეგუჩაძემ 2015 წელს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს არის ავსტრიული ინვესტიცია, რომელმაც საქართველოში განვითარების პოზიტივები დაინახა და გაფართოება გადაწყვიტა. მისივე თქმით, ავსტრიელები დაბა ჩაქვში სასტუმრო „ოაზისს" 2007 წლიდან ფლობენ.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.